კვიპროსის თასის ნახევარფინალში ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ ნიქოზიის „აპოელს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. მატჩის ბედი მე-19 წუთზე ნიკოს კალტასის გოლმა გადაწყვიტა.
ოთხივე ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ქვილითაიამ 57-ე წუთამდე (მას გოლის გატანაც შეეძლო, პირველი ტაიმის ბოლოს ბურთი ძელს გაარტყა), თორნიკე ოქრიაშვილმა 76-ე წუთამდე, ხოლო მურთაზ დაუშვილი 54-ე წუთზე ორი ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან გააძევეს და შესაბამისად, თავისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა, თუმცა ფამაგუსტელებმა ანგარიში შეინარჩუნეს და იმარჯვეს.
„ჩვენ მხოლოდ საქმის ნახევარი გავაკეთეთ. გასვლითი თამაში კიდევ უფრო რთული იქნება. უნდა ვიცოდეთ, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა. პროფესიონალები ვართ და ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ, გამარჯვება კი გვაძლიერებს.ძალიან რთული თამაში იყო, რადგან 10 ფეხბურთელით დავრჩით, მაგრამ გუნდმა შეძლო კარის მშრალად შენახვა, იმედი მაქვს გულშემატკივარმა ისიამოვნა“, - თქვა ნამატჩევს გიორგი ლორიამ, რომელიც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და თავისი გუნდი არაერთხელ გადაარჩინა.
„კარგ შედეგს მივაღწიეთ, ფავორიტები არ ვართ, „აპოელია“, მაგრამ ბედნიერები ვართ და მომდევნო მატჩს ველოდებით. გოლი გავიტანეთ და 10 მოთამაშით ორგანიზებულად ვითამაშეთ. ფეხბურთელებმა აჩვენეს, რომ გამარჯვება ნამდვილად სურდათ, მაგრამ არაფერი დასრულებულა, წინ ჯერ კიდევ 90 წუთია“, - აღნიშნა თემურ ქეცბაიამ.
„ანორთოსისს“ ფინალამდე ერთი ნაბიჯი რჩება, მაგრამ წინ საპასუხო შეხვედრაა, რომელიც ერთ კვირაში ნიქოზიაში გაიმართება.