25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ოლიმპიურ თამაშებზე, შეერთებულ შტატებს, ქალთა შორის 100 მეტრზე სპრინტში ჩემპიონი არ ჰყოლია. მაგრამ შესაძლოა, მძლეოსნობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დისციპლინაში, ამერიკელთა მოლოდინი მალე დასრულდეს.
ამერიკელებს ახალი ვარსკვლავი ჰყავთ - შა’ქარრი რიჩარდსონი. 21 წლის სპრინტერმა, მირამარის (შტატი ფლორიდა) ტურნირზე, 100 მეტრი 10.72 წამში გაირბინა. ეს კი ამ დისტანციაზე, ყველა დროის მეექვსე საუკეთესო შედეგია.
მხოლოდ ხუთ ქალ სპრინტერს აქვს ასი მეტრი უფრო სწრაფად გარბენილი. ესენი არიან: ამერიკელები ფლორენს გრიფიტ ჯოინერი, კარმელია ჯეტერი, მერიონ ჯონსი, იამაიკელები შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი და ელენ თომპსონი.
„არაჩვეულებრივი სეზონი მექნება, რასაც არ ველოდი. ამას არც მსოფლიო ელოდა. დრო მოვიდა“, - განაცხადა რიჩარდსონმა, ვისაც სეზონის საუკეთესო შედეგის ჩვენებაში, სუსტი ზურგქარიც (1.6 მ/წმ) უწყობდა ხელს.
რიჩარდსონმა 2019 წელს კოლეჯების ჩემპიონატი შესანიშნავი შედეგით (10.75 წამი) მოიგო, მაგრამ მძლეოსნობაში აშშ-ის ჩემპიონატი მხოლოდ მერვე შედეგით დაასრულა და (დოჰას) მსოფლიო ჩემპიონტზე გამგზავრების უფლება ვერ მოიპოვა. მაგრამ ახლა, როცა 2011 წლის (ჯეტერი,10.70 წამი) შემდეგ, ყველაზე სწრაფი ამერიკელი მორბენალი გახდა, ტოკიოს ოლიმპიადის საგზურის უპირველესი პრეტენდენტი გახდა.
ცნობისათვის, ბოლო სამ ოლიმპიადაზე, ოქროს მედალს მხოლოდ იამაიკელი სპრინტერები - ფრეიზერ-პრაისი და თომპსონი იგებენ. 2019 წელს მათ ასი მეტრზე შესაბამისად, 10.71 და 10.73 წამი დააფიქსირეს.
აშშ-ის მძლეოსანთა ოლიმპიური შესარჩევი ტურნირი იუჯინში (შტატი ორეგონი) ივნისში გაიმართება. ოლიმპიურ ნკრებში მოსახვედრად, შა’ქარრი რიჩარდსონს ტურნირის სამეულში დასრულებაც ეყოფა.
ამერიკის ნაკრებს ამ პრესტიჟულ დისტანციაზე, ოლიმპიური ოქროს მედალი 1996 წლის შემდეგ არ მოუპოვებია. ბოლო ამერიკელი ოლიმპიური ჩემპიონი გეილ დივერსია. 2000 წლის ოლიმპიადაზე მერიონ ჯონსი ჩემპიონი კი გახდა, მაგრამ შვიდი წლის შემდეგ, დოპინგის გამოყენება დაუდასტურდა, რის გამოც, ეს გამარჯვება და ჯამში ხუთი მედალი ჩამოერთვა.