მიმდინარე სეზონის პირველ „კლასიკოს,“ რომელიც გასულ ოქტომბერს გაიმართა „კამპ ნოუზე,“ მიუხედავად იმისა, რომ „რეალმა“ 3:1 მოიგო, მალე ალბათ აღარავინ გაიხსენებს. არაფერი მომხდარა ისეთი, მეხსიერებას რომ შემორჩეს. „კოჭლი კლასიკოც“ კი დაარქვეს ჩვენმა ესპანელმა კოლეგებმა.
ამჯერად კი ყველაფერი სხვაგვარად იყო. თამაშს დიდი სატურნირო მნიშვნელობაც ჰქონდა, შეიძლება საჩემპიონო ბრძოლაზე ემოქმედა და აკი, კოკისპირული წვიმის მიუხედავად, კარგი საცქერი გამოდგა.
ალბათ უფრო სამართლიანი შედეგი ფრე იქნებოდა, თუმცა ჯამში „რეალი“ მაინც ცოტა უკეთესი იყო. განსაკუთრებით ეს პირველ ტაიმზე ითქმის, რომელშიც მასპინძლებმა სტუმრები დაჩაგრეს. პირველი გოლი ხომ შედევრი გამოდგა: მე-13 წუთზე ფრედერიკო ვალვერდემ მარჯვენა ფრთაზე ლუკას ვასკესი მოძებნა, ამან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც კარიმ ბენზემამ რონალდ არაუხოს აჯობა და ქუსლით შეაგდო ბურთი ტერ შტეგენის კარის ახლო კუთხეში. თუმცა, ამ სიტუაციაში გერმანელ მეკარეს უკეთ გარჯა მართებდა. ეს ფრანგის მე-10 თავგამოჩენა გახლდათ 36 „კლასიკოში.“
მეორე გოლი ცოტა უცნაური გამოვიდა: ტონი კროოსმა საჯარიმო დაარტყა, ბურთი ჯერ სერჟინიო დესტს მოხვდა ზურგში, შემდეგ ძელთან მდგარ ჟორდი ალბას უნდოდა თავით მოგერიება, მაგრამ ვერ მოახერხა.
მეორე ტაიმში კი „ბარსელონა“ თითქოს გაცოცხლდაო და ცოტა მეტი იღბალიც რომ ჰქონოდათ, არ წააგებდნენ. მხედველობაში გვაქვს უკვე წამატებულ წუთებზე შეცვლაზე შესული 18 წლის ილაიშ მორიბას დარტყმა დაახლოებით 11 მეტრიდან, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა. ამ დროს შეტევაში ტერ შტეგენმაც კი ჩაირბინა. მანამდე, მე-60 წუთზე ოსკარ მინგესამ გაქვითა ერთი.
საერთოდ, ბოლოსკენ ძალიან დაცხა, მსაჯმა უხეშობისთვის კაზემიროს ერთი წუთის განმავლობაში ორი ყვითელი ბარათი უჩვენა და მინდვრიდან დაითხოვა.
„რეალმა“ 66 ქულა მოაგროვა და ცხრილში პირველ ადგილზე დადგა. ამდენივე ქულა აქვს „ატლეტიკოსაც.“ თუმცა ერთი თამაშით ნაკლები. თანაქალქელები „სამეფო კლუბს“ უშუალო შეხვედრებითაც ჩამორჩებიან.
ეს მადრიდელთა ზედიზედ მესამე გამარჯვება გახლდათ „კლასიკოებში.“ ასეთი რამ კი 1977-78 წლების სეზონის შემდეგ აღარ მომხდარა.
65-ქულიანი „ბარსელონა“ მესამე ადგილზეა.
ესპანეთი
პრიმერა. 30-ე ტური. 10 აპრილი
რეალი - ბარსელონა 2:1
მადრიდი. „ალფრედო დი სტეფანო“
1:0 ბენზემა (13), 2:0 კროოსი (28), 2:1 მინგესა (60)
რეალი: კურტუა, ვასკესი (ოდრიოსოლა 43), მილიტაო, ნაჩო, მენდი, კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი (ისკო 72), ვალვერდე (ასენსიო 61), ბენზემა (დიასი 72), ვინისიუსი (მარსელო 72)
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
ბარსელონა: ტერ შტეგენი, დესტი (გრიზმანი 46) , მინგესა, არაუხო (მორიბა 72), ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი (რობერტო 64), დე იონგი, პედრი (ტრინკაო 81), მესი, დემბელე (ბრაითვეიტი 81)
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო
გაფრთხილება: ნაჩო (69), კაზემირო (89); პედრი (23), არაუხო (26), ალბა (84)
გაძევება: კაზემირო (90)
ხეტაფე - კადისი 0:1
0:1 ტიმორი (64 საკ. კარში)
ბილბაო - ალავესი 0:0
ეიბარი - ლევანტე 0:1
0:1 დე ფრუტოსი (42+2)