კვიპროსის ჩემპიონატის 32-ე ტურში ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა გოლი გაიტანა. თემურ ქეცბაიას გუნდი ძალიან ახლოს იყო ამ გოლით ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეეწყვიტა, მაგრამ მსაჯის მეხუთე დამატებულ წუთზე გაუშვა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა - 1:1.
თემურ ქეცბაიას გუნდი ლიმასოლში „აპოლონს“ ესტუმრა და ოქრიაშვილი ეფექტური გოლით 1:0 დაწინაურდა. ქართველმა მეტოქის კარი 59-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან დალაშქრა. სხვათა შორის, ქართველმა შემტევმა მე-9 წუთზეც აიღო მეტოქის კარი, მაგრამ VAR-მა გოლი გაუუქმა, რადგან ეპიზოდის დასაწყისში მისმა თანაგუნდელმა თამაშის წესი დაარღვია. სხვათა შორის, ეს და ის გოლი, რომელიც ჩაითვალა, ტყუპისცალივით გავდა ერთმანეთს... გოლი "აპოლონსაც" არ ჩაუთვალეს, მასპინძლებმა ჯერ კიდევ მე-19 წამზე გაიტანეს, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. ვთქვათ ისიც, რომ „ოქრიმ“ ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა.
ოქრიაშვილმა კვიპროსის ჩემპიონატში მე-17 მატჩში მე-9 გოლი გაიტანა და გიორგი ქვილითაიას შემდეგ გუნდის მეორე გოლეადორია. ქეცბაიამ თორნიკე 77-ე წუთზე შეცვალა, ქვილითაია კი 64-ე წუთზე. გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, „აპოლონში“ კი გიორგი პაპუნაშვილს ისევ არ უთამაშია.
ფამაგუსტას „ანორთოსისი“ 54 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 17 აპრილს ლიდერ ნიქოზიის „ომონიას“ უმასპინძლებს.