საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ევროპული კლუბების და მეტწილად, გრანდების ინტერესის შესახებ ბოლო დროს ინფორმაცია აქტიურად ვრცელდება. Sports.ru-მ მიმოიხილა ყველა ის ვარიანტი, რომლის შესახებაც უკანასკნელ ხანს პრესაში დაიწერა.
"ბაიერნი", "დორტმუნდი", "იუვენტუსი" და "მილანი" - სტატიაში დადებითი და უარყოფითი მხარეები, ყველა პერსპექტივაა მოცემული და საკმაოდ საინტერესო წერილი გამოვიდა:
"ხვიჩას მომავალი ტრანსფერის შესახებ ჭორები უფრო რეალური ხდება. „რუბინის“ გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი ირწმუნება, რომ კლუბს სურს კვარაცხელიას მინიმუმ ერთი სეზონი შეინარჩუნოს, მაგრამ სხვა წყაროების თანახმად, ყაზანელები უკვე ემზადებიან ტოპკლუბებთან მოლაპარაკებებისთვის. მისი ფასი 15 მილიონ ევროდ განისაზღვრა. „რუბინი“ აშკარად ორიენტირებულია ევროპულ ბაზარზე: რუსეთში მხოლოდ რამდენიმე კლუბს შეუძლია ძვირადღირებული ფეხბურთელების შეძენა. საბედნიეროდ, ქართველზე საზღვარგარეთიდანაც არის მოთხოვნა.
„ბაიერნი“ - ტრანსფერი ზრდისთვის
ხვიჩა მიუნხენის „ბაიერნთან“ მოლაპარაკებებს მანამდეც აწარმოებდა, ვიდრე ის „რუბინში“ გადავიდოდა. კვარაცხელიას პირადი შეხვედრა მიუნხენელთა სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩთან შედგა, როდესაც ქართველი ნახევარმცველი მხოლოდ 17 წლის იყო და ის ჯერ კიდევ საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა. ტრანსფერი მაშინაც შეიძლებოდა შემდგარიყო: თუმცა, მხარეებმა მოლაპარაკებები მომავლისთვის გადადეს: ახალგაზრდა ქართველს თავი მაღალ დონეზე უნდა წარმოეჩინა.
როგორც ჩანს, გადადებული მოლაპარაკებების დაბრუნების დრო დადგა. სამი წლის შემდეგ „ბაიერნი“ კვლავ მიუბრუნდა ხვიჩას, რომელსაც გოლი+პასის სისტემაზე 4+8 აქვს 21 მატჩში და რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო დრიბლიორია. თავად კვარაცხელიასთვისაც მთავარია მიუნხენში გადასვლის ვარიანტი: ქართველი დიდი ხანია ოცნებობს „რეალში“ და „ბაიერნში“ თამაშზე.
თუმცა, გერმანულ პრესაში სკეპტიკურად უყურებენ ხვიჩას „ბაიერნში“ გადასვლაზე საუბარს. ერთი მხრივ, ზაფხულში „ბაიერნის“ გარემარბი დუგლას კოშტა „იუვენტუსში“ დაბრუნდება, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს პოზიცია არ არის „ბაიერნის“ პრიორიტეტი. კვარაცხელია არ არის სათადარიგო სკამის გაძლიერების ან გაზრდის თვისობრივი ვარიანტი, როდესაც კინგსლი კომანი, სერჟ გნაბრი და ლეროი სანე იბრძვიან სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად. მიუნხენში ურჩევნიათ დაიმატონ მოთამაშე ტოპლიგაში თამაშის გამოცდილებით და უფრო სტაბილური თამაშით, ვიდრე ხვიჩაა.
თუ „ბაიერნი“ ქართველს დაიმატებს, მაშინ, სავარაუდოდ, ისინი დაუყოვნებლივ გაუშვებენ იჯარით გამოცდილების მისაღებად. ალბათ, ის ფეხბურთელს „რუბინში“ დატოვებს ან რომელიმე გერმანულ გუნდში გაანათხოვრებს, მაგალითად, როგორიცაა ბრემენის „ვერდერი“. ხვიჩასადმი მთელი პატივისცემის მიუხედავად, ახლა მას „ბაიერნში“ მხოლოდ სათადარიგო სკამი ელოდება, ამიტომ, ფეხბურთელმა დიდ კლუბში გადასვლამდე უნდა იფიქროს გარკვეულ შუალედურ ეტაპზე.
„დორტმუნდი“ - ოქროს ახალგაზრდების რიგებში
„ბორუსია“ ხვიჩასთვის აშკარად უფრო შესაფერისი ვარიანტია „ბაიერნთან“ შედარებით, თუმცა პრესაში ამ დაინტერესებაზე ნაკლებად საუბრობენ. „დორტმუნდში“ შესანიშნავად მუშაობენ ახალგაზრდა ტალანტებთან და ნამდვილად ენდობიან მათ, რაც უზრუნველყოფს სოლიდურ სათამაშო დროს. მართალია, „ბორუსიას“ დღევანდელი სტანდარტებით, კვარაცხელია არც ისე ახალგაზრდაა: გუნდში რეგულარულად თამაშობენ 18 წლის ჯოვანი რეინა, 17 წლის ჯუდ ბელინგემი და 16 წლის იუსუფა მუკოკო... მათთან შედარებით 20 წლის ერლინგ ჰოლანდი უკვე მოხუცსაც ჰგავს. ძირითადში მოსახვედრად ხვიჩას აქაც არანაკლები სერიოზული კონკურენცია ექნება. „დორტმუნდის“ ფლანგზე რეინას გარდა, არიან მარკო როისი, ტორგან აზარი, ჯეიდონ სანჩო, იულიან ბრანდტი... მყარი ვარსკვლავები!
სტილისტურად „ბორუსია“ საკმაოდ შესაფერისია ქართველი ნახევარმცველისთვის. სისწრაფე, ტექნიკა და ენთუზიაზმი დორტმუნდელების სათამაშო ფილოსოფიის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია და ამ თვისებებით კვარაცხელია სრულ წესრიგშია. თანამედროვე გერმანული ფეხბურთის იდეოლოგიაში მოსახვედრად ქართველს თავის მოქმედებებზე მუშაობა მოუწევს, რადგან ამის გარეშე ბუნდესლიგაში ვერაფერს გააკეთებ. ლეონიდ სლუცკი ირწმუნება, რომ ხვიჩა ბურთის გარეშეც კარგია.
სერია A: ჩვეული მარშრუტი
ნობელ არუსტამიანის თქმით, იტალიელები აპირებენ დაიწყონ მოლაპარაკებები ხვიჩას ტრანსფერთან დაკავშირებით. რუსი ჟურნალისტი იუწყება, რომ „იუვენტუსის“ და „მილანის“ წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ფეხბურთელის აგენტს, „ნაპოლი“ კი სიტუაციას აკვირდება. რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელები ბოლო დროს ხშირად გადადიან სერია A-ში და კვარაცხელია შესანიშნავად ჯდება ტრენდში მირანჩუკისა და კოკორონის შემდეგ. მაგრამ ამ რომა აპენინებზე ჯერჯერობით კარიერა ვერ აიწყო.
„იუვენტუსის“ რიგებში ქართველი ნახევარმცველის წარმოდგენა საკმაოდ რთულია. დიახ, ანდრეა პირლომ შემადგენლობა გაახალგაზრდავა და დღემდე ცდილობს გუნდი სანახაობრივად ათამაშოს და ამ თვალსაზრისით კვარაცხელია კარგად შეეფერება ტურინულ გუნდს. ამასთან, იტალიის ჩემპიონატში და მითუფრო „ბებერი ქალბატონის“ შემადგენლობაში, მოითხოვს უნაკლო ტაქტიკურ ცოდნასა და პოზიციურ დისციპლინას. მაგალითად, ჭკვიანი და ტექნიკური ალექსეი მირანჩუკი გასპერინის სისტემაში ფეხს ჯერ ვერ იკიდებს.
თუმცა, ცნობილია, რომ „მილანი“ უფრო დაჟინებულ ინტერესს იჩენს, ვიდრე „ნაპოლი“ და „იუვე“. როგორც გუნდი, „როსონერი“ ხვიჩასთვის უკეთესია, ალბათ უფრო შეძლებდა გარემარბებთან კონკურენციას ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად. სტეფანო პიოლის გუნდი, ძალიან ახალგაზრდა, ამბიციური და თამამი გუნდია, რომელიც სულისკვეთები შეეფერება ქართველ ფეხბურთელს. სხვათა შორის, იქ მაგარი დრიბლინგიც ფასდება: „მილანი“ საშუალო დრიბლინგების საშუალო რაოდენობით მესამე ადგილზეა სერია A-ში.
იქნებ, დარჩეს?
სატრანსფერო სცენარებს შორის არის ისიც, რომ ხვიჩა შესაძლოა კვლავ რუსეთში დარჩეს. ევროპული კლუბების ინტერესი შეიძლება გადაჭარბებული იყოს და არცერთი კლუბი არ მიიჩნევდეს კვარაცხელიას ზაფხულის პრიორიტეტულ შენაძენად. ამ შემთხვევაში „ზენიტმა“ შეიძლება გაუკეთოს შეთავაზება „რუბინს“, მითუმეტეს, რომ გენადი ორლოვმა გუნდს ჩემპიონთა ლიგისთვის გაძლიერება კვარაცხელიათი ურჩია. მართალია, კვარაცხელიას ევროპული ამბიციები აქვს და სავარაუდოდ, არ სურს „ზენიტში“ გადასვლა და კიდევ ლეონიდ სლუცკის ფრთის ქვეშ.
უახლოეს მომავალში ხვიჩას ფიქრები ორიენტირებული უნდა იყოს არა კარიერის პერსპექტივებზე, არამედ „რუბინის“ უშუალოდ მიზნებზე მიმდინარე სეზონში. ყაზანელებს კარში შანსი აქვთ ევროზონაში შესასვლელად: 24 ტურის შემდეგ გუნდს მხოლოდ 3 ქულა აშორებს მესამე ადგილთან. 10 აპრილს „როსტოვთან“ გასვლითი მატჩი ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს - „რუბინს“ უშუალო კონკურენტებისთვის ქულების დათმობა არ შეუძლია“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ქართველმა შემტევმა რუსეთის პრემიერლიგის 21 მატჩში თავი 4 გოლით, 4 საგოლე პასით და მოპოვებული 4 პენალტით გამოიჩინა. საქართველოს ნაკრებშიც ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს - 8 თამაში, 3 გოლი, 1 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი. მას რუსულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.