საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა საფრანგეთთან (3:2) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, თამაშის ჩატარების თარიღად 9 აპრილი თავად შეარჩიეს, რადგან ეს საქართველოსთვის ძალიან დიდი დღეა.
„საფრანგეთთან თამაშის თარიღთან მიმართებაში იყო 7, 8, 9 და 10 აპრილის ვარიანტი და პირადად ავირჩიე 9 აპრილი, რადგან ჩვენთვის ძალიან დიდი დღეა. ქართველმა მოთამაშეებმა ეს ყველამ იცოდა, ბრაზილიელებს კი ავუხსენით თუ რა დონის და როგორი მნიშვნელობის დღე იყო ჩვენთვის. ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ და ამ დღემ ძალიან დიდი სტიმული მოგვცა, რაც თამაშზეც აისახა. ამიტომ, მინდა, ეს გამარჯვება იმას მივუძღვნა, რაზეც ამდენი წლის განმავლობაში მთელი საქართველო ამ დღესთან მიმართებაში საუბრობს.
მეორე აუცილებელი ფაქტორი გულშემატკივარია. განსაკუთრებით ბოლო წუთებში ვგრძნობდით, რა როლი ითამაშა ქართველმა ქომაგმა ამ თამაშში. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, რადგან მართლაც იმუშავეს და შედეგი სახეზეა. ჩვენ ალბათ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ.
ძალიან რთულ ჯგუფში დავიკავეთ მეორე ადგილი და ეს უფრო ნატვრას ჰგავდა, მაგრამ რეალობად ვაქციეთ. ბოლო თამაშისთვის განსაკუთრებით ვემზადებოდით, ბევრი ვიმუშავეთ და მიხარია, რომ ყველა ჩვენგანის შრომა კონკრეტულ ამ თამაშში გამოჩნდა“, - თქვა ასათიანმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე 1 ტურით ადრე ოფიციალურად გაინაღა ევროპის ჩემპიონატზე თამაში და კონტინენტის პირველობაზე ისტორიაში პირველად ითამაშებს.
ევროპის ჩემპიონატი ფუტსალში ნიდერლანდების ორ ქალაქში, ამსტერდამსა და გრონინგენში 2022 წლის იანვარ-თებერვალში გაიმართება. საქართველოს ნაკრები კი შესარჩევ ეტაპს 12 აპრილს რუსეთთან საგარეო მატჩით დაასრულებს, მაგრამ მის შედეგს სატურნირო თვალსაზრისით არანაირი დატვირთვა აღარ აქვს.