სუპერლიგის საპლეიოფო სიას კიდევ ერთი გუნდი შეემატა: არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა “კაკტუსმა” ქუთაისში ადგილობრივი გუნდი 83:78 დაამარცხა და პლეი ოფში ადგილი გაინაღდა. კაკტუსელებს რეგულარულ ჩემპიონატში კიდევ ერთი მატჩი დარჩათ სათამაშო და ამის შემდეგ გაირკვევა, საბოლოოდ რომელ ადგილს დაიკავებენ იმ 8 გუნდში, რომლებიც პლეი ოფში იასპარეზებენ.
შეგახსენებთ, რომ პლეი ოფში თამაში აქამდე 3 გუნდს ჰქონდა განაღდებული: რუსთავს, ქუთაისს და ცხუმ-აფხაზეთს. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა “ქუთაისმა” 3 ლეგიონერის გარეშე ითამაშა: დეჟუან რაითს, კაჰიმ რენსომს და ლუკ მეიერს ქუთაისელები ბოლო თამაშებში ვერ იყენებენ. გარდა ამისა, იმერულ კლუბში არ უთამაშია ლევან გრძელიძეს.
მატჩი კაკტუსელთა სოლიდური უპირატესობით დაიწყო. პირველი პერიოდის შემდეგ ჟღენტის გუნდი 13 ქულით იგებდა. სწრაფი და რაც მთავარია, შედეგიანი თამაში თბილისურ გუნდს კომფორტულად ყოფნის საშუალებას აძლევდა. კაკტუსელები მთელი თამაშის განმავლობაში ინარჩუნებდნენ ლიდერობას. ბოლო წუთებზე მასპინძლებმა ჩამორჩენის შემცირება მოახერხეს, მაგრამ თამაშის მოსაგებად არც დრო და არც ძალები არ ეყოთ.
გამარჯვებულებს 24 ქულით სანდრო სანაძემ ულიდერა. 19 ქულა და 6 პასი დაუგროვდა სამაი ჰეინს-ჯონსს, 15 ქულა და 7 მოხსნა ლევან მასხულიას ანგარიშზეა. ქუთაისელთაგან ყველაზე შედეგიანი იყო ილია ლონდარიძე – 18 ქულა, 7 მოხსნა. ცენტრისთვის მოულოდნელად ბევრი – პასი მიითვალა აკაკი დვალიშილმა, რომელმაც ასევე 16 ქულა და 6 მოხსნაც გაიფორმა. 14 ქულა გიორგი ბარბაქაძის ანგარიშზეა.
სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის დარჩენილი 4 შეხვედრა ხვალ, 9 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
GBF.GE