კალათბურთი

13:55 | 8.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ინდიანას" მწვრთნელი: "ბითაძით ვამაყობ, ყოველთვის მზადაა პროგრესისთვის"

„ინდიანა პეისერსის“ მთავარმა მწვრთნელმა ნეით ბიორკგრენმა „მინესოტასტან“ მოგებული მატჩის შემდგომ კომენტარი გოგა ბითაძეზე გააკეთა. ამერიკელმა სპეციალისტმა ქართველი კალათბურთელისთვის საქებარი სიტყვები არ დაიშურა და განაცხადა, რომ გოგა მცირე და დიდ დროსაც ერთნაირად შედეგიანად იყენებს.

"ბითაძეს თამაშამდე ველაპარაკე და ვუთხარი, რომ მისგან მოედნის ერთი მხარიდან მეორე კუთხეში სწრაფად გადაადგილება, ფარის დაცვა და მოხსნა გვჭირდებოდა. მან დავალებას თავი შესანიშნავად გაართვა და კარლ ენტონი თაუნსის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა. გუნდისთვის ბევრ კარგ საქმეს აკეთებს, რის გამოც ამაყი ვარ. არ აქვს მნიშვნელობა მოედანზე ცოტა დროს გაატარებს თუ ბევრს. ის ყველა შესაძლებლობას მაქსიმალურად იყენებს და ყოველთვის მზადაა მეტი ისწავლოს და პროგრესი განიცადოს ,“ - განაცხადა ბიორკგრენმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ შეხვედრაში გოგა ბითაძემ პარკეტზე 25:24 წუთი გაატარა, რა დროშიც ქართველმა ცენტრმა 14 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი, ერთი ჩაჭრა და ერთი დაფარება მიითვალა. გოგამ 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო არ უსვრია. მას ბურთი არ დაუკარგავს და 4-ჯერ დაჯარიმდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალგაზრდა კალათბურთელისთვის 14 ქულა სარეკორდოა, მას აქამდე ყველაზე მეტი 13 ქულა ჰქონდა ჩაგდებული.

0.147279