ჩოგბურთი

23:40 | 7.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩის რეკორდები და ფედერერის დაბრუნება - ATP-ის პირველი კვარტლის მიმოხილვა

საჩოგბურთო სეზონის პირველი სამი თვე მიილია და პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გულშემატკივრებს პირველი კვარტლის მიმოხილვა შესთავაზა. გასულ სამ თვეში ბევრი რამ მოხდა - ნოვაკ ჯოკოვიჩმა რეკორდები დაამყარა, რუსეთი ATP-ის თასის მფლობელი გახდა, თანაც დამაჯერებლად. ასევე, კორტს დაუბრუნდა როჯერ ფედერერი, რომელმაც ყატარში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო და შემდეგ ქართველთან, ნიკოლოზ ბასილაშვილთან დამარცხდა. ასევე აღსანიშნავია იმ ახალგაზრდა ჩოგბურთელების თამაში, რომლებიც ამომავალ ვარკვლავებად ითვლებიან.

რუსეთის გაბრწყინება ATP-ის თასზე

დანილ მედვედევმა 2020 წელი შთამბეჭდავად დაასრულა და დიდი მოულოდნელობაც არ ყოფილა, რომ მისი ლიდერობით რუსეთის ეროვნულმა გუნდმა კარგად იასპარეზა. ფინალში რუსეთმა იტალია დაამარცხა, თუმცა მარტო მედვედევი ვერ გახდებოდა ჩემპიონი. დანილს მხარი აუბა ასევე გასული სეზონის საუკეთესო ფორმაში მყოფმა ანდრეი რუბლიოვმა და ასევე აღმოჩენა იყო ასლან კარაცევი, რომელმაც ამ ტურნირის შემდეგ კიდევ უფრო დაამახსოვრა თავი ჩოგბურთის მოყვარულებს.

ჯოკოვიჩის რეკორდები

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა სარეკორდოდ მეცხრედ მოიგო და ჯამში 18 დიდი სლემით როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალთან ჩამორჩენა ტიტულების თვალსაზრისით ორამდე შეამცირა. მარტში, სამშობლოში დაბრუნებულ ჯოკოს გულშემატკივრები ოვაციებით დახვდა მას შემდეგ რაც მან ფედერერის რეკორდი გააუმჯობესა - ამჟამად ნოვაკი რეიტინგში პირველ ადგილზე კვირების რაოდენობით რეკორდსმენია. 311 კვირა პირველ პოზიციაზეა სერბი და პირველად რეიტინგის სათავეს 2011 წლის 4 ივლისს ჩაუდგა, როდესაც უიმბლდონის ფინალში ნადალი დაამარცხა.

მედვედევმა 16 წლიანი ჰეგემონია დაამხო

ბევრი დრო არც იყო გასული მას შემდეგ რაც დანილმა რუსეთს ულიდერა, რომ ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა, სადაც ნოვაკთან დამარცხდა. ცოტა ხანში რუსმა მარსელის ტურნირი მოიგო და ოფიციალურად გადავიდა რეიტინგში მეორე ადგილზე, სადაც რაფა ჩამოიტოვა. მედვედევი გახდა პირველი ჩოგბურთელი 2005 წლის შემდეგ, რომელმაც რეიტინგის ორ საუკეთესო ჩოგბურთელს შორის დაიკავა ადგილი - აქამდე ამას მხოლოდ ჯოკოვიჩი, ფედერერი, ნადალი და მარეი ახერხებდა.

რუბლიოვი წინსვლას განაგრძობს, კარაცევმა საოცარი დასაწყისი

რუსეთის ნომერ მეორე ჩოგბურთელმა ანდრეი რუბლიოვმა 2020 წლის სეზონის შემდეგ წინსვლა კვლავ გააგრძელა და სამ თვეში ტურის სხვა ჩოგბურთელებს შორის ყველაზე მეტი გამარჯვება აქვს (20-4). ATP-ის თასი ვახსენეთ უკვე, სადაც ანდრეიმ ყველა მატჩი მოიგო და ამას გარდა მან როტერდამის ტურნირზეც იმარჯვა.

ასევე უნდა ვახსენოთ ასლან კარაცევი, რომელიც ერთი წლის წინ 253-ე ჩოგანი იყო, თუმცა სანაკრებო ტურნირის მოგების შემდეგ, ავსტრალიის ღა პირველობის ნახევარფინალში გავიდა. მანამდე რუსმა დიეგო შვარცმანი, ფელიქს ოჟე-ალიასიმე და გრიგორ დიმიტროვი დაამარცხა. კარაცევის სენსაცია აქ არ დამთავრებულა, მალევე ასლანმა დუბაის 500 ტურნირი მოიგო.

ახალგაზრდა თაობა წინასვლას განაგრძობს

მილანის ბოლო ახალგაზრდული შემაჯამებელი ტურნირის ტრიუმფატორმა, იანიკ სინერმა მელბურნში ერთ-ერთი ტურნირი მოიგო და ამჯერად გასულ კვირას მაიამის ღია პირველობის ფინალში გავიდა, თუმცა დამარცხდა. ასეთი შედეგიანი თამაშის წყალობით, იტალიელი რეიტინგში 23-ე ადგილამდე აღზევდა.

ყოფილი ჩეხი ჩოგბურთელის პეტრა კორდას ვაჟი, სებასტიან კორდა ასევე დამაჯერებლად თამაშობდა მაიამიში. 20 წლის კორდამ დიეგო შვარცმანი და ფაბიო ფონინი დაამარცხა, სანამ რუბლიოვთან წააგებდა. ასვე აღსანიშნავია ლორენცო მუსეტის თამაში, რომელმაც შვარცმანს მეხიკო ტურნირზე მოუგო და პირველად შეძლო ტოპ 10-ში მყოფი ჩოგბურთელის დამარცხება.

არგენტინელებს 19 წლის ხუან მანუელ სერუნდოლოს სახით ამომავალი ვარსკვლავი ეზრდებათ. კორდობას ტურნირის დაწყების დროს ხუანი 335 ნომერი იყო მსოფლიოში და ATP-ის ეგიდით გამართული ტურნირის მატჩიც არ ჰქონდა მოგებული, თუმცა საკუთარი გულშემატკივრებს თანდასწრებით სენსაცია მოახდინა და ტურნირი მოიგო. ფინალში სერუნდოლომ რამოს ვინოლასი დაამარცხა.

2005 წლის შემდეგ, კარლოს ალკარაზი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ნოვაკ ჯოკოვიჩის შემდეგ, რომელმაც დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა და შეხვედრა მოიგო. კარლოსი, რომელიც დებიუტამდე რაფაელ ნადალთან ერთად ვარჯიშობდა, დავიდ გოფინს შეხვდა და ტოპ 10-ში მყოფი ჩოგბურთელი დაამარცხა.

და ბოლოს, მსოფლიო ჩოგბურთს როჯერ ფედერერი დაუბრუნდა. ლეგენდარულმა შვეიცარიელმა დაბრუნება, ყატარის ტურნირზე დანი ევანსთან გამარჯვებით აღნიშნა, თუმცა შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილთან დამარცხდა.

თავის მხრივ უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართველმა წარუმატებელი 2020 წელი უკან მოიტოვა და კარიერაში მეოთხე ტურნირი მოიგო. ნიკოლოზი ამჯერად კალიარიში თამაშობს, სადაც მეოთხედფინალშია გასული.

0.118512