მარტის სანაკრებო მატჩების შემდეგ ფიფამ თავისი წევრი ქვეყნების რეიტინგი განაახლა და საქართველოს ნაკრები ორი პოზიციით დაქვეითდა. ვილი სანიოლის გუნდი 1259 ქულით ამჟამად 91-ე ადგილზეა, წინა თვეში კი 89-ე იყო.
საქართველომ მარტში შვედეთთან (0:1) და ესპანეთთან (1:2) წააგო, ხოლო საბერძნეთთან ფრე ითამაშა (1:1), რეგრესიც მოუგებელი მატჩების სერიის დამსახურებაა, რომელიც სხვათა შორის, უკვე რვას უტოლდება. სხვათა შორის, 9 ადგილით დაწინაურდა სომხეთის ნაკრები და ერთი საფეხურით ჩვენზე წინ იმყოფება.
...88. გაბონი - 1278 ქულა
89. ბელარუსი - 1276
90. სომხეთი - 1273
91. საქართველო - 1259
92. ვიეტმანი - 1258
93. ლიბანი - 1256
94. კონგო - 1255
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩვენს მეტოქეებს რაც შეეხებათ: ესპანეთის ნაკრები მეექვსე ადგილზეა, შვედეთი მე-18 საფეხურზე, კოსოვო კი 120-ე პოზიციას იკავებს. სანიოლის გუნდს წინ ორი სპარინგი ელოდება და გეტყვით, რომ ნიდერლანდების ნაკრები მე-16-ეა (6 ივნისს, ენსხედეში) და რუმინეთი 43-ე (2 ივნისს ბუქარესტში).
მოწინავე ათეულში რამდენიმე ცვლილება მოხდა და ყველაზე თვალშისაცემი იტალიის ნაკრების პროგრესია, რომელიც 3 პოზიციით დაწინაურდა და ახლა მეშვიდე ადგილზეა. ათეულში შევიდა დანიის ნაკრები, ხოლო არგენტინამ და ურუგვაიმ თითო საფეხურით რეგრესი განიცადეს.
1. ბელგია - 1783 ქულა
2. საფრანგეთი - 1757
3. ბრაზილია - 1742
4. ინგლისი - 1686
5. პორტუგალია - 1666
6. ესპანეთი - 1648
7. იტალია - 1642
8. არგენტინა - 1641
9. ურუგვაი - 1639
10. დანია - 1631
აქვე გეტყვით, რომ ფიფა მომდევნო თვის რეიტინგს 27 მაისს გამოაქვეყნებს.