VTB ლიგის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 77:81 წააგო. მოსკოველებმა თამაში ძალიან ცუდად დაიწყეს და საბოლოო შედეგზე ნეგატიურმა სტარტმა გადამწყვეტი გავლენა იქონია.
ქართველმა კალათბურთლმა პარკეტზე 23:38 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 10 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 7-დან 4 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
ცსკა-ში საუკეთესო უილ კლაიბერნი იყო, რომელმაც 19 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი დააგროვა, ხოლო იოჰანეს ვოიტმანის ანგარიშზე 19 ქულა და 2 მოხსნაა.
მოსკოვის ცსკა-ს VTB ლიგაში 15 მოგებით და 6 წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 11 აპრილს ყაზახურ „ასტანას“ უმასპინძლებს.