მიამის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირი პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩის გამარჯვებით დასრულდა. 24 წლის ჰურკაჩმა 7-6 (4) 6-4 მოუგო იტალიელ თინეიჯერ იანიკ სინერს. ფინალამდე კი გზიდან სტეფანოს ციციპასი და ანდრეი რუბლევი ჩამოიცილა.
ჰურკაჩი 2005 წლიდან მოყოლებული, მასტერსის სერიის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა. 2005-ში პარიზის მასტერსზე ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა გაიმარჯვა. მაშინ ის 20 წლის იყო.
შეხვედრა ჰურკაჩის უპირატესობით დაიწყო. მან პირველი სამი გეიმი მოიგო. თუმცა მომდევნო სამ გეიმში უკვე სინერმა იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ რაფაელ ნადალის შემდეგ, 19 წლის სინერი მასტერსის სერიის ტურნირების ყველაზე ახალგაზრდა ფინალისტია.
ჰურკაჩმა მეშვიდე გეიმიდან უფრო აგრესიულად დაიწყო თამაში და მეტოქის მოწოდების მოგების რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ იტალიელმა გაუძლო და მე-11 გეიმში 6-5 ტავად დაწინაურდა. მაგრამ საკუთარ მოწოდებაზე სეტი ვერ დაასრულა. ჰურკაჩმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი ტაიბრეიკი მოიგო და სეტებში 1-0 დაწინაურდა.
მეორე სეტიც პოლონელის უპირატესობით დაიწყო, რომელმაც ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო. მაგრამ როგორც ჩანს, მან საკუთარ თავს მოდუნების საშუალება მისცა და სინერმა იქვე სამი გეიმი გაუქვითა - 4-3. აქ ჰურკაჩი გამოერკვა, მის მეტოქეს კი დაღლა დაეტყო. და პოლონელმა საკმაოდ იოლად მიღწია მიზანს.
„ძალიან, ძალიან მიხარია, რომ ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი პრიზი მოვიგე. მეორე სეტში ზედიზედ მეხუთე გეიმის მოგების შანსიც მქონდა. მაგრამ მან თამაშის შემობრუნება შეძლო. თან უკეთ ათამაშდა. ცოტა ავნერვიულდი. მან შანსების გამოყენება დაიწყო და ძალიან გამიჭირდა“, - ყვება ჰურკაჩი, ვინც ტურნირის დაწყებამდე რეიტინგში 37-ე ადგილზე იყო, ახალ რეიტინგში კი მე-16 იქნება.
„წავაგე, მაგრამ ვფიქრობ, კარგად ვითამაშე. ოღონდ, აქ იმისთვის არ ვარ, რომ მხოლოდ ფინალებში გასვლას დავჯერდე. ჩემი მიზანი ტურნირების მოგებაა. დღეს ჩემი დღე არ იყო. ახლა ვარჯიშს დავუბრუნდები და ვნახოთ, ხითის კორტებზე რა გამოვა“, - ამბობს სინერი, ვისთვისაც ეს კარიერაში მასტერსის მხოლოდ მესამე ტურნირი იყო.