ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ტორინოსთან“ (2:2) მატჩი შეაფასა. იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მისი გუნდის თამაში ძალიან პროგნოზირებადია და ბევრ შეცდომას უშვებენ.
„თამაში კარგად დავიწყეთ და ანგარიშს გახსნა შევძელით. თუმცა, ძალიან რთულია იმ გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელიც თავს მთელი გუნდით საჯარიმოში იცავს. საკუთარ თავს პრობლემებს თვითონ ვუქმნით. ვიმედოვნებდით, რომ მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშებდით, მაგრამ თავიდანვე შეცდომა დავუშვით და ყველაფერი გართულდა.
ყველა ცდება: ფეხბურთელები, მწვრთნელები და მსაჯები. კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და გავაცნობიეროთ რა ხდება. გვესმის, რომ უნდა მოვუმატოთ და სეზონით კმაყოფილები არ ვართ. ბევრი ქულა დავკარგეთ და ეს არ შეიძლება.
პოზიციურ თამაშზე და მოძრაობაზე უნდა ვიმუშაოთ. ხაზებს შორის უკეთ უნდა ვიმოძრაოთ, განსაკუთრებით გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც თავს ღრმად იცავენ. ახლა ჩვენი თამაში გვერდითი პასების გამო ძალიან პროგნოზირებადია“, - თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 56 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს „ნაპოლისთან“ ერთად იყოფს და 7 აპრილს, სწორედ ნეაპოლურ გუნდს უმასპინძლებს.