სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატებში მოულოდნელი შედეგები არახალია და აი, პირველი უკვე გამოცხვა - „ჩელსი,“ რომელსაც მიჯრით 14 შეხვედრა არ წაეგო, 2:5 დამარცხდა „ვესტ ბრომვიჩთან.“ გუნდთან, ვისაც თვეზე მეტია არ გაეტანა და „სტემფორდ ბრიჯზე“ 1978 წლის შემდეგ აღარ გაემარჯვა.
ლონდონელთა დამრიგებელმა, ტომას ტუხელმა, დაცვის ცენტრში ტიაგუ სილვა დააყენა, რომელმაც მანამდე ტრავმის გამო 11 მატჩი გამოტოვა. ბრაზილიელის დაბრუნება უიღბლო გამოდგა, ნახევარი საათის თავზე ორი ყვითელი ბარათის მიღება „მოახერხა“ და მინდორი დატოვა.
შეხვედრის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ მასპინძელ „არისტოკრატებს“ კონცენტრაცია აკლდათ. თუმცა თავიდან ამას მათთვის უხერხულობა არ შეუქმნია. პირიქით, ნელ-ნელა გააქტიურდნენ და ანგარიშიც გახსნეს - თავი კრისტიან პულიშიჩმა გამოიჩინა.
ტაიმის უკვე დამატებულ წუთებზე კი სასწაული მოხდა - ორი წუთის ინტერვალში სტუმარმა მათეუს პერეირამ დუბლი შეასრულა და „ვესტ ბრომვიჩი“ შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა.
მერე ტაიმში მასპინძლები იძულებულნი იყვნენ შეეტიათ და ისევ, ახლა უკვე ხუთწუთიანი მონაკვეთი დადგა, როცა სტუმრებმა კიდევ ორჯერ გაიტანეს და ანგარიში გამანადგურებელი გახადეს - 1:4. მართალია, ტუხელის ბიჭებმა ერთი საპასუხო შეაგდეს, მაგრამ ასევე წამატებულ წუთებზე შეცვლაზე შესულმა კალუმ რობინსონმა დუბლი მიითვალა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 2:5.
აქ არ შეიძლება არ ვახსენოთ ბრანისლავ ივანოვიჩი, რომელიც ამჟამად „ვესტ ბრომვიჩში“ ირჯება, თუმცა მანამდე ცხრა წლის განმავლობაში „ჩელსის“ ღირსებას იცავდა, ლონდონურ კლუბში 377 მატჩი ჩაატარა და 34 ბურთი გაიტანა.
ვერც 37 წლის ივანოვიჩის გამოსვლა გამოდგა იღბლიანი. მინდორზე სულ 13 წუთი დაჰყო. ერთ მომენტში მეტოქე ტიმო ვერნერს გაეკიდა, კუნთი დაჭიმა და შესაცვლელი შეიქნა.
მერე სტუმართა მწვრთნელმა, სემ ელარდაისმა თქვა: ვამაყობ ჩემი ბიჭებით, სილვას გაძევების შემდეგ კი „ჩელსი“ ნაწილებად დავშალეთო.
ტუხელმა კი ესღა თქვა: „როცა „ჩელსის“ დონის გუნდი ხარ, ხუთ ბურთს არ უნდა უშვებდე. ამაში ყველა დამნაშავე ვართ, ჩემი ჩათვლით. გაძევების შემდეგ ვეღარ გადავეწყვეთ. საერთოდ, დაცვაში ორგანიზებულად ვთამაშობთ ხოლმე, მაგრამ ამჯერად რაღაც დაბნეულნი ვჩანდით. თითქოს დაჟანგულ ჯართს დავემსგავსეთ. ამისათვის სასტიკად დავისაჯეთ კიდეც.“
„სიტიმ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ღირსეულად დგას პირველ ადგილზე და უკვე 17 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს, თანაქალქელ „იუნაიტედს,“ თუმცა ამ უკანასკნელს ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
არცთუ სანახაობრივი თამაშის კვალად, „ქალაქელებმა“ კლასით გაცილებით აჯობეს მასპინძელ „მელიებს.“ პირველ ტაიმში გოლები არ გასულა, თუმცა მეორეში ბენჟამენ მენდიმ და ჟეზუსმა მოამთავრეს საქმე.
„ლივერპულმა“ ბოლო დროს ცოტა გამოისწორა მდგომარეობა. შაბათს „არსენალს“ სტუმრად დამაჯერებლად მოუგო 3:0 და სატურნირო ცხრილში ორი ადგილით დაწინაურდა. ახლა მერსისაიდელები მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან ჩემპიონთა ლიგის ზონას, კერძოდ, მეოთხეადგილოსან „ჩელსის.“
მატჩის გმირი დიოგუ ჟოტა გახდა. პორტუგალიელმა დუბლი მიითვალა, ერთიც მო სალაჰმა შეაგდო.
კლოპმა ჟოტა მინდორზე 61-ე წუთზე გაიყვანა რობერტსონის ნაცვლად და ყოფილმა ვულვზელმა სამ წუთში გახსნა ანგარიში. მეორე გოლი მან დამთავრებამდე 8 წუთით ადრე შეაგდო. მათ შორის კი სალაჰის გასროლა იყო.
სხვათა შორის, ტრავმის შემდეგ ჟოტა ფეხხვავიანად დაბრუნდა. წინა დღეებში პორტუგალიის ნაკრების 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორ შესარჩევ შეხვედრაში ითამაშა და სამი გოლი გაიტანა (დუბლი სერბეთთან 2:2).
ახლაც დუბლი... კლოპი, წესით, კმაყოფილი უნდა იყოს.
ინგლისი
პრემიერლიგა. 30-ე ტური. 3 აპრილი
ჩელსი - ვესტ ბრომვიჩი 2:5
ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი.“
1:0 პულიშიჩი (27), 1:1, 1:2 პერეირა (45+2, 45+4), 1:3 რობინსონი (63), 1:4 დიანი (68), 2:4 მაუნტი (71), 2:5 რობინსონი (90+1)
ჩელსი: მენდი, სილვა, ზუმა, ასპილიკუეტა, ალონსო, ჟორჟინიო (ჰავერცი (72), კოვაჩიჩი, ჯეიმსი, პულიშიჩი (მაუნტი 46), ვერნერი, ზიეში (კრისტენსენი 33)
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
ვესტ ბრომვიჩი: ჯონსტოუნი, ფერლონგი, ბარტლი, აჯაი, კონორ თაუნსდენდი, ო’ ში (ივანოვიჩი 24, რობინსონი 37), ფილიპსი (ლივერმური 89), პერეირა, მეიტლენდ-ნაილსი, იოკუშლუ, დიანი
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
მსაჯი: დევიდ კუტი
გაფთხილება: სილვა (5), კოვაჩიჩი (66); დიანი (14)
გაძევება: სილვა (29)
ლესტერი - სიტი 0:2
ლესტერი. „კინგ ფაუერი“
0:1 მენდი (58), 0:2 ჟეზუსი (74)
ლესტერი: შმეიხელი, ფოფანა, ევანსი, ამარტი, ტილემანსი, ოლბრაიტონი (პერეირა 71), ნდიდი (ნამპალი მენდი 83), კასტანი, ვარდი, იჰეანაჩო (მედისონი 72), პერესი
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
სიტი: ედერსონი, უოკერი, დიაში, ლაპორტი, ბენჟამენ მენდი, ჟეზუსი, როდრი, დე ბრუინი (ფოდენი 88), ფერნანდინიო, მაჰრეზი (ტორესი 79), აგუერო (სტერლინგი 63)
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა
მსაჯი: ენტონი ტეილორი
გაფრთხილება: ნდიდი (32), ამარტი (87); ედერსონი (73), ფერნანდინიო (82), როდრი (90)
არსენალი - ლივერპული 0:3
ლონდონი. „ემირეითსი“
0:1 ჟოტა (64), 0:2 სალაჰი (68), 0:3 ჟოტა (82)
არსენალი: ლენო, ტირნი (სოარეში 45+1), გაბრიელი, ჰოლდინგი, ჩემბერსი, სებალიოსი (ელნენი 58), ედეგორი, ობამეიანგი (მარტინელი 78), პარტეი, პეპე, ლაკაზეტი
მწვრთნელი: მიკელ არტეტა
ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, ქაბაქი (უილიამსი 84), რობერტსონი (ჟოტა 61), ფილიპსი, ფაბინიო, ალკანტარა, მილნერი, ფირმინო (ვეინალდუმი 78), მანე, სალაჰი
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
მსაჯი: სტიუარტ ოტუელი
გაფრთხილება: გაბრიელი (90+1); ჟოტა (73)
ლიდსი - შეფილდი 2:1
1:0 ჰარისონი (12), 1:1 ოსბორნი (45+2), 2:1 ჯაგიელკა (49 საკ. კარში)