ყაზანის „რუბინის“ გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი გერმანულ მედიაში გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით ხვიჩა კვარაცხელიათი მიუნხენის „ბაიერნი“ დაინტერესდა.
საიმანოვმა განაცხადა, რომ გერმანული გუნდიდან შეთავაზება არ მიუღიათ და მან არც 20 წლის ქართველი შემტევის სატრანსფერო ღირებულების დასახელება ისურვა.
„ბაიერნიდან“ ხვიჩას შესახებ ჩვენთვის არავის მოუმართავს. რამდენად გავყიდით? არ მინდა ციფრის დასახელება, ამას დაინტერესებულ გუნდებთან განვიხილავ. ამ საქმეში ფალსტარტის დაშვება არ შეიძლება“, - თქვა საიმანოვმა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხლიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებულ 20 მატჩში 3 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი მიითვალა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა. საქართველოს ნაკრებში კი 8 მატჩში 3-ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა.