ფეხბურთი

22:42 | 29.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებში ეროვნული ლიგიდან კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოიძახეს

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-3 ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება და ამ მატჩისთვის ვილი სანიოლმა გუნდში საქართველოს ჩემპიონატიდან კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოიძახა.

გუნდს დინამო თბილისის 23 წლის ცენტრალური მცველი დავით კობოური შეუერთდა, რომელიც ნაკრებში პირველად მიიწვიეს. მოგეხსენებათ, მანამდე ეროვნულმა ნაკრებმა დინამო ბათუმის 19 წლის მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი დაიმატა. სანიოლმა შემადგენლობაში ახალი ფეხბურთელები მას შემდეგ გამოიძახა, რაც ესპანეთთან ლევან შენგელია გააძევეს და ის დისკვალიფიკაციის გამო ვეღარ ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები სალონიკიში დილით გაემგზავრება და საღამოს "არენა ტუმბაზე" შეხვედრის წინ, ბოლოჯერ ივარჯიშებს. თამაში 31 მარტს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ორი ტურის თავზე ქულა არ მოუპოვებია, ხოლო საბერძნეთმა ესპანეთთან სტუმრად 1:1 ითამაშა. მე-2 ტურში საბერძნეთი ისვენებდა და გუშინ ტესტ-მატჩში ჰონდურასი 2:1 დაამარცხა.

0.123523