ფეხბურთი

10:10 | 29.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

შეფასებები: ხვიჩას მნიშვნელოვანი მესიჯები, კაშიას როლი და სიურპრიზი გიორბელიძე

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა, მაგრამ საკმაოდ გამართული ფეხბურთი აჩვენა. მეტიც, პირველ ტაიმში მოედანზე უკეთესი გუნდი საქართველო იყო და ოდნავ რომ გამართლებოდა, არც დამარცხდებოდა, რაც რეალურად არ დაუმსახურებია, მაგრამ ფეხბურთი ასეთია.

საქართველოს ნაკრების 16-ვე ფეხბურთელმა, რომელიც მოედანზე იყო, ალბათ ყველაფერი გაიღო, მაგრამ ზოგს მეტად და ზოგს ნაკლებად გამოუვიდა. WORLDSPORT.GE წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა შეფასებებს.

გიორგი ლორია 5 - გიორგი ლორიას საქართველოს ნაკრები არაერთხელ გადაურჩენია და სუპერმატჩებიც ჰქონია. მან მე-11 წუთზე ფერან ტორესის რთული დარტყმა უკუაგდო. პირველ გოლში ვერაფერს გახდებოდა, 93-ე წუთამდე მისი თამაში უმაღლეს შეფასებას იმსახურებდა, მაგრამ დანი ოლმოს გოლის დროს ალბათ არასწორ პოზიციაზე იდგა.

ოთარ კაკაბაძე 7 – „ტენერიფეს“ მცველს ძალიან მაგარი თამაში ჰქონდა. ის დაცვაში პრაქტიკულად უშეცდომო იყო, იმის მიუხედავად, რომ ესპანელები უმეტესად მისი ზონიდან ცდილობდნენ შეტევას. და, ხვიჩას გოლში ოთარს არანაკლები წვლილი მიუძღვის თუ არა მეტი! როგორც ჩანს, პოზიციაზე კონკურენტის გამოჩენამ მასზე დადებითად იმოქმედა და ეს მხოლოდ კარგია.

გრიგოლ ჩაბრაძე 5.5 - ნაკრებში მეორედ ითამაშა. ალვარო მორატას დაასწრო სახიფათო ეპიზოდისას და ჯარიმა გამოიმუშავა. დანი ოლმო კი გოლის მომენტში აშკარად გაექცა და დარტყმაში ხელი ვერ შეუშალა.

გურამ კაშია 7.5 - მორიგი სუპერმატჩი ფეხბურთელისგან, რომლის გარეშე საქართველოს ნაკრები წარმოუდგენელია. მისი გამოცდილება ახლა ფასდაუდებელია და ბრწყინვალე იყო რიგ ეპიზოდებში, დასწრებაზე თამაშში, ვარდნები და სხვა. კაშია ნაკრების ლიდერია. გოლთანაც ძალიან ახლოს იყო, უნაი სიმონმა მე-18 წუთზე დიდებული სეივი მიითვალა.

ლაშა დვალი 6 - ის აუცილებლად უფრო მაღალ შეფასებას მიიღებდა და ზოგადად ბოლო ორმა მატჩმა გამოაჩინა, რომ მასზე დაყრდნობა შეიძლება. მაგრამ ფერან ტორესი ზუგს უკან გაეპარა და ეს ძვირი უყურადღებობა იყო.

გურამ გიორბელიძე 7.5 - შეტევებში ხშირად ვერ ერთვებოდა, მაგრამ ხვიჩას მარცხენა ფლანგი ისედაც აკლებული ჰყავდა. პირველ გოლში მისი „წვლილიცაა“, რადგან კარგად ვერ ჩაკეტა შორეული ძელი და დვალი ვერ დააზღვია. თუმცა, რამდენიმე ეპიზოდში ფანტასტიკური იყო. ზოგადად, მისი სახით ნაკრებს ძალიან საინტერესო ფიგურა შეემატა. არ დავივიწყოთ, რომ ეროვნულ გუნდში სულ ორჯერ ითამაშა! კარგი იქნება, თუ საკლუბო დონეზე უფრო მეტ მეტ სათამაშო დროს მიიღებს, პოტენციალი კი ცალსახად აქვს.

ჯაბა კანკავა 7.5 - გლადიატორი. კაპიტანი 90 წუთი არ გაჩერებულა. თითქმის უნაკლოდ ითამაშა. დანი ოლმოზე ბურთის ჩაჭრამდეც ცოტა დააკლდა, სამწუხაროდ იმ მომენტში მას სხვა საყრდენებმა მხარი ვერ აუბეს.

ვაკო გვილია 5.5 - მატჩის დასაწყისში საჯარიმოსთან დაკარგა ბურთი და ლორიამ იხსნა გუნდი. შემდეგ ნამდვილად გამოასწორა თამაში და რამდენიმე საინტერესო პასი გააკეთა. დაცვაშიც ბევრი იმუშავა, მაგრამ მთლიანობაში საუკეთესო ფორმისგან ვაკო შორსაა და როდესაც ამ ფორმას დაიბრუნებს, ის ნაკრებს აუცილებლად უკეთ გამოადგება.

საბა ლობჟანიძე 5.5 - დაცვაში კარგად ეხმარებოდა კაკაბაძეს, მაგრამ შეტევაში ვერაფერი გვანახა. ალბასთან თამაში გაუჭირდა და არც მისი კოზირის გამოყენების შესაძლებლობა მისცემია.

ლევან შენგელია 5 - სამწუხაროდ, მან საბა სათანადოდ ვერ შეცვალა. გუნდს ვერაფერი შემატა, თამაშის ბოლოს კი ძალიან უხეშად ითამაშა, ასე თამაში უბრალოდ არ შეიძლება და ემოციებს აჰყვა.

ოთარ კიტეიშვილი 6.5 - კიტეიშვილი ნაკრებისთვის დიდი ძალაა. საგოლე პასი მის აქტივშია. კაკაბაძეს კარგად გაეხსნა სივრცეში და კვარაცხელიაც დროულად შეამჩნია. დაცვაშიც ბევრი იშრომა, ძალიან ბევრი. უბრალოდ პირველი გოლის დროს მან წააგო ორთაბრძოლა და ბურთი ალბას მიუვიდა, რომელმაც საგოლედ ჩააწოდა.

გიორგი ბერიძე 5.5 - რამდენჯერმე ცდილობდა ესპანელებს დასხლტომოდა თავისი სისწრაფე გამოეყენებინა, მაგრამ რეალურად თამაში ვერ გაამწვავა. ძნელია, მას სათანადო გამოცდილება აკლია, თუმცა, ასეთ მატჩებში უნდა მიიღოს.

ხვიჩა კვარაცხელია 8.5 - ის მოედანზე საუკეთესო იყო - ორივე გუნდში. ხვიჩა უკვე არის ტოპმოთამაშე. მაგარი გოლი გაიტანა, ერთი შეხებით ბურთი თან მიიღო და თან დასარტყმელად შეიგდო - ეს კლასზე მიუთითებს. პედრო პორო და ლორენტე თავიდანვე ყვითელი ბარათებით დატვირთა. ზოგადად, პოროს ალბათ დიდი ხანი არ დაავიწყდება... ახლა მთავარია, ხვიჩამ მიწაზე მყარად დგომა გააგრძელოს და უწყვეტად იშრომოს. ეს მხოლოდ დასაწყისია, ბევრი შეუძლია და ნიჭი უნდა გამოიყენოს. ეს მასზეა დამოკიდებული.

ნიკა კვეკვესკირი 5 - ის შორსაა საუკეთესო კონდიციისგან. სამწუხაროდ გუნდს ვერაფერი შემატა და საყრდენი ზონაც ცარიელი იყო მეორე გოლის დროს.

ბუდუ ზივზივაძე 5 - ნაკრებში თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა, პირდაპირ ესპანეთთან და აშკარად გაუჭირდა, როგორც მეტოქიდან გამომდინარე, ისე თანაგუნდელებთან შეთამაშებით. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალში მისი იმედი არ უნდა გვქონდეს.

გიორგი ქვილითაია 5 - ზივზივაძის ნაცვლად თამაშში ის ჩაერთო, მაგრამ განსხვავებული მასაც არაფერი შემოუთავაზებია.

0.113799