ფეხბურთი

21:54 | 28.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

მტკივნეული მარცხი ესპანეთთან: საქართველოს ნაკრები მეტს იმსახურებდა...

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა მეორე ტურის მატჩი ესპანეთთან ჩაატარა და 1:2 დამარცხდა. არადა, თავისუფლად შეიძლებოდა არათუ არ წაეგო, არამედ მოეგო. მაგრამ ბოლოს არ გაუმართლა, არადა, ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს წაგება ნამდვილად არ დაუმსახურებია. თუმცა, წააგო და ძალიან დასანანად, ძალიან მტკივნეულ სტილში...

ვილი სანიოლის გუნდმა თანამედროვე და ძალიან მაგარი ფეხბურთი ითამაშა და ეს ის შემთხვევაა, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვით ესპანეთის ნაკრებს ვაჯობეთ. გაცილებით სახიფათო იყო ჩვენი შეტევები თუ კონტრშეტევები და შეიძლებოდა, ანგარიში მალევე გახსნილიყო. უნდა აღინიშნოს ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც საწყის 14 წუთში დიეგო ლორენტესა და პედრო პოროს ყვითელი ბარათები აკიდა და ამის მიზეზიც იყო, რომ ლუის ენრიკემ ორივე მეორე ტაიმში შეცვალა. საერთოდ, ხვიჩა პედრო პორო გააწამა და მოსვენება არ მისცა.

საქართველოს ნაკრების იყო პირველი სახიფათო მომენტიც: მე-18 წუთზე გურამ კაშია კარში თავით ურტყამდა, მაგრამ უნაი სიმონმა ივარგა და ესპანელთა კარის დარაჯმა თავისი გუნდი გაარჩინა. ესპანეთის ნაკრებს პირველ ტაიმში ერთი სახიფათო იერიში ჰქონდა, როდესაც გიორგი ლორია შესანიშნავი იყო.

43-ე წუთზე კი ანგარიში გაიხსნა. ოთარ კაკაბაძემ მარჯვენა ფლანგზე დიდებულად ითამაშა და ცენტრში ოთარ კიტეიშვილი მოძებნა. ამ მომენტში ესპანელთა დაცვის მარვენა ფლანგზე დიდი სივრცე დარჩა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ შეავსოდა კიტესგანაც დროული, კარგი პასი მიიღო. ხვიჩამ შეტევა გოლი დაასრულა და სტადიონი სიხარულისგან გაგიჟდა! ესპანელებს გოლი გასახდელში გავატანეთ და დავწინაურდით! სრულიად დამსახურებულად - საქართველო პირველ ტაიმში უკეთესი გუნდი იყო და უკეთ თამაშობდა!

მეორე ნახევარიც სანიოლის გუნდმა შემართებით დაიწყო და ზოგადად არაფერი დაუთმია, მაგრამ 56-ე წუთზე ანგარიში მაინც გათანაბრდა. მარცხენა ფლანგიდან ჟორდი ალბას დაწყებული შეტევა ფერან ტორესმა ცარიელ კარში გოლით დაასრულა. ეს იყო“ფურია როხას“ ერთადერთი შეტევა, რომელსაც ჩვენი დაცვა იმ დროისთვის ვერ გაუმკლავდა. უნდა აღინიშნოს, ჯაბა კანკავას, გურამ კაშიას, ოთარ კაკაბაძისა და გურამ გიორბელიძის ძალიან მაგარი თამაში. ისინი პრაქტიკულად უნაკლოები იყვნენ. ზოგადად, ყველამ კარგად ითამაშა და ყველა ქებას ნამდვილად იმსახურებს.

თუმცა, სამწუხაროდ, შედეგი ისევ უარყოფითია: მსაჯის კომპენსირებულ ბოლო წუთზე დანი ოლმომ შორი მანძილიდან დაარტყა, მაშინ,როდესაც ხიფათს არაფერი მოასწავებდა და გიორგი ლორია ბურთს ვერ შესწვდა... შემდეგ ლევან შენგელიას მსაჯმა პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა და თამაშიც დასრულდა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 31 მარტს, სტუმრად სალონიკიში, საბერძნეთის ნაკრებთან გამართავს.

საქართველო - ესპანეთი 1:2 (1:0)

თბილისი, „დინამო არენა“

მაყურებელი: 15 000

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე (ჩაბრაძე 79), კაშია, დვალი, გორბელიძე; კანკავა, გვილია; ლობჟანიძე (შენგელია 70), კიტეიშვილი (ბერიძე 70), კვარაცხელია (კვეკვესკირი 79); ზივზივაძე (ქვილითაია 62)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

ესპანეთი (4-3-3): სიმონი; პორო (მ. ლორენტე 65), გარსია, დ. ლორენტე (მარტინესი 46), ალბა; რუისი (ტიაგო ალკანტარა 54), ბუსკეტსი (ოიარზაბალი 73), პედრი; ტორესი, მორატა, ხილი (დანი ოლმო46)

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 1:0 კვარაცხელია (44), 1:1 ტორესი (56), 1:2 დანი ოლმო (90)

გაფრთხილება: ზივზივაძე (19) - ლორენტე (7), პედრო პორო (14)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 3 (2) – 8 (3) ბურთის ფლობა: 28%-72% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: რადუ პეტრესკუ (რუმინეთი)

0.1182