ფეხბურთი

23:08 | 28.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ჩემს ფეხბურთელებს ენთუზიაზმი არ აკლიათ და ეს ძალიან მსიამოვნებს"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კთხვებს უპასუხა.

„ჩემს გუნდზე უარყოფითად არ ვისაუბრებთ. მათ ყველაფერი გააკეთეს და ვცადეთ მოედანზე ჩვენი საუკეთესო თვისებები წარმოგვეჩინა. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და როგორც შვედეთში, ამჯერადაც არ გაგვიმართა. მეორე ტაიმი გაცილებით რთული აღმოჩნდა ჩვენთვის, ვიდრე პირველი, რომელიც მართლაც კარგად ჩავატარეთ. ბოლოს შესაძლოა თავი იმან იჩინა, რომ გვყავს რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც გუნდში 90 წუთს მუდმივად არ თამაშობს და დაღლილობა დაგვეტყო. შედეგის მხრივ თამაშს ნამდვილად სამწუხარო დასასრული ჰქონდა.

კაკაბაძემ ჩემი აზრით, ძალიან კარგად ითამაშა. ის კლუბში მუდმივად არ თამაშობს და ეს ყველა ფეხბურთელისთვის პრობლემაა, მაგრამ მან მართლაც კარგად ითამაშა. ჩაბრაძეც შვედეთთან ძალიან კარგი იყო, დღეს ასეთ მძიმე თამაშში ჩართვა ადვილი არ არის, მაგრამ ის წუთები, რომელიც მოედანზე გაატარა, კარგი იყო. თავდასხმაში გვყავს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც ტრავმირებულია და მათი იმედი სამომავლოდ გვაქვს, მაგრამ ახლა ვინც გუნდშია, ყველას ვენდობით.

ფიფას გადაწყვეტილებით, თამაშებს შორის ძალიან მჭიდრო გრაფიკია, მაგრამ ამას უნდა შევეგუოთ. გუნდი მხოლოდ 22 მარტს შეიკრიბა და დრო ძალიან ცოტა დრო გვქონდა. შვედეთში ჩავედით, შემდეგ უკან დავბრუნდით და ესპანეთს ვეთამაშეთ, ჩვენ ჩავატარეთ ორი მძიმე თამაში, მაგრამ საბერძნეთში ენთუზიაზმის გარეშე არ მივდივართ. ჩემი ფეხბურთელები ამის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიან და ეს ჩემთვის სასიამოვნოა.

ფეხბურთელებთან კომუნიკაცია და მუშაობა ადვილია. ახლა ვიმედოვნებ, რომ ძალებს მალე აღვიდგენთ, შესაძლოა შემადგენლობაში ცვლილებები იყოს, მაგრამ ჩვენ საბერძნეთში ქულებისთვის მივდივართ და არა თავის დასაცავად. ლუის ენრიკესგან, როგორც მეტოქე გუნდის მწვრთნელისგან, ქება ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ პირველ რიგში ეს ფეხბურთელებისადმი კარგი გზავნილია.

ხვიჩა კვარაცხელია სწორ გზაზეა. შესაძლოა ზოგჯერ რისკავდეს, როდესაც ამის აუცილებლობა არ არის, მაგრამ მას კლუბშიც ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს და ყველა თვისება, ხარისხი, ზოგადად ყველაფერი აქვს განვითარებისთვის და იმისთვის, რომ ჩვენი ნაკრების ლიდერი გახდეს. მას და ყველა ქართველ ფეხბურთელს ვუსურვებ მომავალში მაღალი დონის ლიგებში ეთამაშოთ.

გიორგი ლორიას შეცდომა? მოდით, ამ მომენტზე მოგვიანებით ვისაუბროთ. მე მისი თამაშით კმაყოფილი ვარ, ფეხბურთელები შეცდომას უშვებენ, უშეცდომო არავინაა და ფეხბურთში არც ასაკია პრობლემა. ვხედავთ, რომ ამ ასაკშიც ბევრი ფეხბურთელი მაღალ დონეზე თამაშობს“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს 31 მარტს, სალონიკიში, საბერძნეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

0.106183