კვირა კვირას მისდევს, ტური - ტურს და კრიშტიანუ რონალდუს შედეგიანობა აქტუალობას არ კარგავს. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის საამსეზონო მონაგარი მისთვისაც კი ჯერ არნახულია.
ლა ლიგის მე-7 ტურში, „რეალმა“ ბასკური „ბილბაო“ 5:0 დაამარცხა. მადრიდელთა პორტუგალიელმა ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ ანგარიშზე 3 გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. „რეალის“ მე-7 ნომერს, ლა ლიგაში, უკვე 22 ჰეთ თრიქი დაუგროვდა. ის ამ მაჩვენებლით რეკორდსმენებს, ტელმო სარასა და ალფრედო დი სტეფანოს გაუტოლდა. პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში, პორტუგალიელმა 6 თამაში ჩაატარა და 3-ჯერ მან მინიმუმ 3 გოლის გატანა მოახერხა. ეს 3 შეხვედრა მან 15-დღიან მონაკვეთში ჩაატარა. რონალდუ ესპანური ფეხბურთის ისტორიაში მე-2 ფეხბურთელია, რომელსაც პირველი 7 ტურის შემდეგ 3 ჰეთ თრიქი დაუგროვდა. პირველად ეს მარიანო მარტინმა 1943-44 წლების სეზონში მოახერხა. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა 1943 წლის კიდევ ერთი მიღწევა გაიმეორა. 71 წლის წინათ ეჩევარიას მიერ ნაჩვენები შედეგის შემდეგ, ლა ლიგის პირველ 7 ტურში 13 გოლი არავის გაეტანა.
რონალდუმ, საკლუბო და სანაკრებო კარიერაში, 2 ან მეტი გოლის გატანა უკვე 111 თამაშში მოახერხა. ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 171 თამაშში მას 190 გოლი დაუგროვდა, ხოლო ლა ლიგის უკანასკნელ 34 მატჩში პორტუგალიელმა მეტოქეთა კარი 42-ჯერ აიღო.
პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში, რონალდუმ იმდენი გოლი გაიტანა, რაც ლიონელ მესიმ და ნეიმარმა ერთად. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ „ბარსელონას“ სამხრეთ ამერიკელი ვარსკვლავები ცუდად თამაშობენ. მაგალითისთვის, ნეიმარმა, 7 ტურში უკვე 7 გოლი გაიტანა. გასულ გათამაშებაში, 7 გოლის გასატანად მას 24 თამაშის ჩატარება დასჭირდა.
ნეიმარის შედეგიანობის მიუხედავად, მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი ახალწვეული კლაუდიო ბრავოა, რომელმაც ესპანური ფეხბურთის აბსოლუტური რეკორდი დაამყარა. „რაიოსთან“ გამართული შეხვედრა სეზონის სტარტზე ზედიზედ მე-7 იყო, რომელშიც ბრავომ გოლი არ გაუშვა. ასეთი შედეგი აქამდე არავის ჰქონია. 31 წლის ჩილელ მეკარეს გოლი 630 წუთია არ გაუშვია. გათამაშების სტარტზე კარის მშრალად შენახვის რეკორდი, აქამდე, 561 წუთი იყო.
თუ აქამდე, ბრავოს თამაშში ხშირად ჩართვა არც უწევდა, ამჯერად, მან თავადაც იყოჩაღა. პირველ 6 ტურში, ბრავოს, თამაშში, საშუალოდ, 1.5 ბურთის მოგერიება უწევდა, „რაიოსთან“ კი, მან მეტოქეთა დარტყმა 4-ჯერ უკუაგდო.
ესპანეთში მოთამაშე მეკარეებზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს „ვალენსიას“ ბრაზილიელი კიპერის, დიეგო ალვესის დაუჯერებელი მიღწევა. 29 წლის მეკარემ, „ატლეტიკოსთან“ მატჩში, თერთეტმეტრიანი მოიგერია. მას შემდეგ, რაც ის სათამაშოდ ესპანეთში გადავიდა (2007 წელს), ალვესმა 13 პენალტი აიღო. არცერთ სხვა მეკარეს, დროის ამ მონაკვეთში, 6-ზე მეტი თერთმეტმეტრიანი არ აუღია. ბოლო 25 წლის განმავლობაში, მას, „ვალენსიას“ კიდევ ერთ მეკარესთან, სანტიაგო კანისარესთან ერთად, ყველაზე მეტი მოგერიებული პენალტი დაუგროვდა.
სანამ დიეგო ალვესი სიკეირას დარტყმულს მოიგერიებდა, „ღამურებმა“ მადრიდელ სტუმრებს ნამდვილი კოშმარი მოუწყვეს. „ვალენსია“, მე-13 წუთზე, უკვე 3:0 იგებდა. ვალენსიელებმა, 21-ე საუკუნეში, საწყის 15 წუთში 3 გოლის გატანა პირველად მოახერხეს. ნუნუ ესპირიტო სანტუს შეგირდებმა 3 გოლის გატანა ზედიზედ მე-4 საშინაო შეხვედრაში მოახერხეს. ასეთი რამ 2006-07 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა.
საინტერესო მიღწევა აქვს „ეიბარს“. პრიმერა დივიზიონში ამ გუნდის პირველი 8 გოლი („ეიბარი“ უმაღლეს ლიგაში პირველად თამაშობს) 8 სხვადასხვა ფეხბურთელის ანგარიშზეა. ბასკებმა „რეალ მურსიას“ მიერ დამყარებული რეკორდი გაიმეორეს.
ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ერთადერთი გუნდი, რომელსაც გოლი ჯერ არ გაუშვია, „ბარსელონაა“. ამაში თავისი წვლილი „რომასაც“ მიუძღვის, რომელმაც „იუვენტუსის“ მშრალი სერია შეწყვიტა. ტურინში გამართულ შეხვედრაში, მასპინძლებმა 3:2 მოიგეს. „იუვემ“ ანგარიშის გახსნა მოახერხა, ხოლო „რომამ“ 32-ე წუთზე, ფრანჩესკო ტოტის ზუსტი თერთმეტმეტრიანის წყალობით გაათანაბრდა. „რომას“ უბერებელმა კაპიტანმა გოლი სერია A-ს ზედიზედ 21-ე გათამაშებაში გაიტანა. ტოტის ზუსტი დარტყმის წყალობით, „იუვენტუსის“ 832-წუთიანი მშრალი სერია შეწყდა.
2 გოლის გაშვების მიუხედავად, „იუვენტუსმა“ მოგებათა სერია განაგრძო. „ბებერმა ქალბატონმა“ სერია A-ში ზედიზედ მეცამეტედ იმარჯვა. გათამაშების რეკორდი ზედიზედ 17 მოგებაა. საკუთარ კედლებში კი „იუვემ“ ზედიზედ 22-ედ მოიგო, რაც სერია A-ს აბსოლუტური რეკორდია.
წარუმატებლად თამაშს განაგრძობს ინტერი. ვალტერ მაცარის გუნდმა, სერია A-ს ბოლო 2 თამაშში 7 გოლი გაუშვა. ამდენიმვე გოლი ჰქონდათ გაშვებული მილანელებს წინა 11 შეხვედრაში.
ინგლისის პრემიერლიგის მე-7 ტურის ცენტრალურ მატჩში, „ჩელსიმ“ „არსენალი“ 2:0 დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჟოზე მოურინიომ არსენ ვენგერის წინააღმდეგ მორიგი წარმატებული თამაში ჩაატარა. პორტუგალიელს ფრანგ სპეციალისტთან არასდროს წაუგია. 12 თამაშიდან 7 მოურინიოს გამარჯვებით დასრულდა, ხოლო 5 - ფრედ.
მიმდინარე გათამაშებაში თავისი მე-9 გოლი გაიტანა დიეგო კოსტამ, რომელიც ბომბარდირთა დავას დამაჯერებლად ლიდერობს. გაესპანელებული ბრაზილიელი თავდამსხმელის შედეგიანობის ერთ-ერთი მიზეზი „ჩელსის“ კიდევ ერთი ახალწვეული, სესკ ფაბრეგასია. ესპანელმა ნახევარმცველმა ყველაზე მეტი, 7 საგოლე გადაცემა გააკეთა და აქედან 4-ჯერ მან სწორედ კოსტას გაატანინა. ერთ-ერთი შედეგიანი გადაცემა ფაბრეგასმა კოსტას თავისი ყოფილი კლუბის, „არსენალის“ წინააღმდეგაც გაუკეთა. აღვნიშნავთ, რომ „არსენალის“ მთელი შემადგენლობის ანგარიშზე, მიმდინარე გათამაშებაში, იმდენივე საგოლე გადაცემაა, რამდენიც ფაბრეგასმა მარტომ გააკეთა.
დიეგო კოსტას კარგი მეპასეები კი ჰყავს, მაგრამ არც მისი სიზუსტე უნდა დავივიწყოთ. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, კოსტამ სულ 19-ჯერ დაარტყა, აქედან 16-ჯერ ბურთი კარში მოახვედრა და 9-ჯერ გაიტანა.
ლონდონურ დერბიში „ჩელსიმ“ ანგარიში თერთმეტმეტრიანით გახსნა, რომელიც ლორან კოსელნის მიერ თამაშის წესების დარღვევას მოჰყვა. ფრანგი მცველი ინგლისში 2010 წლიდან თამაშობს და ამ 4 წლის განმავლობაში, მის გამო 7 თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. დროის ამ მონაკვეთში, არცერთ სხვა ფეხბურთელს ასეთ ცუდი შედეგი არ აქვს.
თამაშის წესების დარღვევისგან თავს ვერც „არსენალის“ ახალწვეული კალუმ ჩემბერსი იკავებს. 19 წლის ფეხბურთელი, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, სასტარტო შემადგენლობაში 5-ჯერ მოხვდა და მან ხუთივე შემთხვევაში ყვითელი ბარათი მიიღო.
მიმდინარე გათამაშებაში პირველად, ზედიზედ მე-2 თამაში მოიგო „მანჩესტერ იუნაიტედმა“, მაგრამ ლუი ვან გაალის შეგირდებს კარგი შთაბეჭდილება მაინც არ დაუტოვებიათ. „წითელმა ეშმაკებმა“ კარის მშრალად შენახვა კვლავ ვერ მოახერხეს. პრემიერლიგის ბოლო 10 თამაშიდან გოლი მათ 8-ში გაუშვეს.
რომ არა ლეიტონ ბეინსის მიერ პირველად გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი, „მანჩესტერი“ ქულებს დაკარგავდა. „ევერტონის“ მცველს, პრემიერლიგაში შესრულებული 14 პენალტიდან ყველა გატანილი ჰქონდა, მაგრამ ამჯერად მას დავიდ დე ხეამ აჯობა.
„მანჩესტერის“ მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა ანხელ დი მარიამ, რომელმაც აქტივში გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. „წითელი ეშმაკების“ არგენტინელი ახალწვეულის ანგარიშზე, პრემიერლიგის 5 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
„მანჩესტერი“ რომ არასტაბილურად თამაშობს, ამის ერთ-ერთი მიზეზი ჩამოუყალიბებელი შემადგენლობაა. ლუი ვან გაალმა, 7 ტურში, უკვე 30 ფეხბურთელი ათამაშა. მანჩესტერელთა რეკორდი პრემიერლიგის მთელი გათამაშების განმავლობაში 33 ფეხბურთელის გამოყენებაა.
მე-7 ტური მნიშვნელოვანი იყო „მანჩესტერის“ ყოფილი მცველისთვის, რიო ფერდინანდისთვის. „ქუინს პარკ რეინჯერსის“ ვეტერანმა უკანახაზელმა პრემიერლიგაში მე-500 თამაში ჩაატარა. ის მე-11 ფეხბურთელია, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.
ბოლო 4 მატჩში პირველად მოიგო „ლივერპულმა“, რომელიც კარის მშრალად შენახვას კვლავ ვერ ახერხებს. როჯერსის შეგირდებმა გოლის არგაშვება პრემიერლიგის ბოლო 12 თამაშში ერთადერთხელ მოახერხეს.
„ლივერპულმა“ „ვესტ ბრომვიჩი“ ინგლისელი ფეხბურთელების 2 გოლით დაამარცხა. 2013-14 წლების სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული, როჯერსის გუნდმა ინგლისური გოლებით 56-ჯერ იხეირა. დროის ამ მონაკვეთში, არცერთი სხვა გუნდის ინგლისელებს 41 გოლზე მეტი არ გაუტანიათ.
გერმანიის ჩემპიონატში წარუმატებლად თამაშს განაგრძობს „დორტმუნდი“, რომელიც გასავარდნ ზონაში მყოფ „ჰამბურგთან“ საკუთარ კედლებში დამარცხდა. 2004 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც „დორტმუნდმა“, საკუთარ კედლებში, გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდთან წააგო. საინტერესოა, რომ 10 წლის წინათაც, დორტმუნდელები „ჰამბურგმა“ დაამარცხა.
„ჰამბურგმა“, ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მხოლოდ 2 გოლი გაიტანა და ორივე მათგანი გუნდის ახალწვეულის, ნიკოლაი მიულერის აქტიურობას მოჰყვა. 27 წლის შემტევმა „აინტრახტთან“ თავად გაიტანა, ხოლო „დორტმუნდთან“ ლასოგას გაატანინა.
„ჰოფენჰაიმის“ შემადგენლობაში შედეგიანად თამაშს განაგრძობს რობერტო ფირმინო. 23 წლის ბრაზილიელმა შემტევმა, „შალკესთან“ მოგებულ შეხვედრაში (2:1), 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. „ჰოფენჰაიმის“ მაისურით ჩატარებულ უკანასკნელ 46 თამაშში მას 25 გოლი და 19 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.
როგორც იქნა, კარის მშრალად შენახვა მოახერხა „ვოლფსბურგმა“. „მგლებს“, ამის გასაკეთებლად, 21 თამაშის ჩატარება დასჭირდათ.
საფრანგეთის ლიგა ერთში კვლავ წაუგებელია მოქმედი ჩემპიონი „პარი სენ ჟერმენი“, მაგრამ ლორან ბლანის გუნდს მოგებაც უჭირს. პსჟ-მ, 9 ტურში მე-6 ფრე ითამაშა. „პარი სენ ჟერმენმა“ და „მონაკომ“ გამარჯვებული ზედიზედ მე-5 თამაშში ვერ გამოავლინეს, ხოლო უკანასკნელი 4 მატჩი 1:1 დასრულდა.
პსჟ-ს ანგარიშის გახსნა და ქულების დაკარგვა ტრადიციად ექცა. პარიზელებმა, 9 ტურში ანგარიში 7-ჯერ გახსნეს, მაგრამ 4-ჯერ ქულები მაინც დაკარგეს.
კარგ ფორმაში მყოფი „ბორდო“ შინ ცუდად მოთამაშე „რეიმსთან“ დამარცხდა, მაგრამ ეს გასაკვირი მაინც არ ყოფილა. „ბორდოს“ „რეიმსის“ კარში გოლი ბოლო 6 თამაშია ვერ გააქვს. შეტევაში კარგად არც ჟან ვასოს შეგირდებს უთამაშიათ, მაგრამ მათ, 3 ქულის ასაღებად, ერთადერთი ზუსტი დარტყმაც ეყოთ.