ძიუდო

19:15 | 26.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

პირველი დღის მონაგარი თბილისის გრან სლემზე: 1 ოქრო და 2 ვერცხლი

ძიუდოში თბილისის გრან სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ყულაბა სამი მედლით შეივსო - 1 ოქრო და 2 ვერცხლი. ჩემპიონობა თემურ ნოზაძემ შეძლო, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ფინალში წააგეს. არსებობდა ორი ბრინჯაოს რეალური შანსი, მაგრამ გადამწყვეტი შეხვედრები ბაგრატ ნინიაშვილმა და ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა დათმეს.

60 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე ოქროს მედალს დაეუფლა. ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობაში ყაზახ ტოკტარ უმუტალიევთან დაპირისპირებით ჩაერთო და იმარჯვა, ხოლო შემდეგ ესპანელი ნუნიეს როდრიგესი დაამარცხა. მეოთხედფინალში თემურმა მონღოლ არიუნბოლდ ენხტაივანს აჯობა და ნახევარფინალში ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუას სძლია. ფინალში ნოზაძე უზბეკ კემრან ნურილაევს გაეჯიბრა და ისიც დაამარცხა (მეტოქის უნებლიე შეცდომით), შედეგად, თბილისის გრან სლემის ჩემპიონი გახდა. ამავე წონაში კიდევ ორმა ქართველმა მოსინჯა ძალები. შაქრო შათირიშვილი ალბანელ ისამ ბასოუსთან პირველივე შეხვედრაში დამარცხდა, ხოლო ლაშა ჩადუნელმა ჯერ მონღოლ უნობოლდ ლხაგვაიმაცს მოუგო, მაგრამ მერე რუს კონსტანტინ სიმეონიდისთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

66 კგ წონით კატეგორიაში ფინალს უწია ვაჟა მარგველაშვილმა. მან ჯერ ყატარელი აიუბ ელიდრისი დაამარცხა, მერე ისრაელის წარმომადგენელ ამიტ ბობოვიჩს აჯობა და მეოთხედფინალში ბაგრატ ნინიაშვილს დაუპირისპირდა, რომელსაც მოუგო. თავის მხრივ ბაგრატმა იქამდე პერუელ ხუან პოსტიგოსსა და მაროკოელ იმად ბასუს მოუგო, ხოლო მეოთხედფინალში მარცხის შედეგად რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც პირველ შეხვედრაში უზბეკი მუხრიდან ტილოვოვი დაჯაბნა, მაგრამ ბრინაჯოს მედლისთვის შეხვედრა მონღოლი ხერლან განბოლდის წინააღმდეგ წააგო და უმედლოდ დარჩა. რაც შეეხება მარგველაშვილს, მან ნახევარფინალში დენის ვერიუს სძლია და ფინალში უზბეკ სარდორ ნურილაევს დაუპირისპირდა, მაგრამ 19 წამში იპონით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ამავე წონაში ბექა წიფიანმა ებრაელი ამირ დანტე დაამარცხა, მაგრამ შემდეგ ხერლან განბოლდთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

საქართველოს მესამე ფინალისტი ქალთა შორის ჰყავდა. 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა დიდებულად იასპარეზა მან ბრიტანელი ასელია ტოპრაკი, სამხრეთ აფრიკელი დონი ბრეიტენბახი და რუსი დარია მეჟენცკაია მიყოლებით დაამარცხა, ნახევარფინალში კი კანადელ მსოფლიოს ჩემპიონ კრისტა დეგუჩისაც აჯობა. ლიპარტელიანი ფინალში კოსოვოელ ნორა გიაკოვას გაეჯიბრა, მაგრამ ვაზარით წააგო და ვერცხლის მედლით მოუწია დაკმაყოფილება. უნდა აღინიშნოს, რომ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქალთა შორის მეორე მედლის შანსიც არსებობდა. 52 კგ წონით კატეგორიაში ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი ბრინჯაოსთვის იბრძოდა. მან შვეცირიელი ფაბიენ კოხერი, მონღოლი ხორლოოდი ბიშრელტი და ნიდერლანდელი ნაომი ვან კრეველი დაამარცხა და ნახევარფინალს უწია, სადაც სამწუხაროდ მომავალ ჩემპიონ იტალიელ ოდეტე ჯუფრიდასთან მარცხი განიცადა. ბრინჯაოს მედლისთვის ლევიცკა-შუკვანი უნგრელ რეკა პუპს შეხვდა, დამარცხდა და მედალი ვერ მოიპოვა. ამავე წონაში ორი ქართველი კიდევ ასპარეზობდა - მზია ბებოშვილმა ბრაზილიელ ლარისა პიმენტასთან პირველივე ბრძოლაში ვერაფერი გააწყო, ხოლო მარიამ ჯანაშვილი ასევე პირველ შეხვედრაში ფინალისტ ჯუფრიდასთან დამარცხდა.

თბილისი გრან სლემი ხვალ გაგრძელდება და საქართველოს სახელით ტატამზე ფრიდონ გიგანი (73 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), თორნიკე გვიჩიანი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ), დიმიტრი გოჩილაიძე (81 კგ), გიგა გიგაური (81 კგ), ინდირა სილაგაძე (63 კგ) და მარიამ ჭანტურია (70 კგ) გავლენ.

0.114125