ფეხბურთი

10:25 | 26.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

შეფასებები: ლიდერი კაშია და დამაიმედებელი დებიუტები

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა შვედეთთან საგარეო მატჩით დაიწყო და ბრძოლაში დამარცხდა (0:1). შეიძლებოდა, თამაში სხვა შედეგით დასრულებულიყო, მაგრამ უფრო მეტმა გამოცდილებამ და უფრო მეტად კლასმა, ყველაფერი გადაწყვიტა.

WORLDSPORT.GE გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს სტოკჰოლმში გამართული მატჩიდან, რომელშიც საქართველოს ნაკრებში დებიუტი სამ ფეხბურთელს ჰქონდა.

გიორგი ლორია 7 - ქართველმა მეკარემ მაღალ დონეზე ითამაშა.ასაღები აიღო. პირველ ტაიმში დეიან კულუშევსკის და ალექსანდერ ისაკის რთული დარტყმები მოიგერია, გამოსვლებზეც დამაჯერებელი იყო. გოლში მისი დადანაშაულება რთულია.

გრიგოლ ჩაბრაძე 6 – „დინამო ბათუმის“ განაპირა მცველს დებიუტი ჰქონდა და ამის ფონზე ურიგოდ არ გამოიყურებოდა. პირველ ტაიმში შეტევაშიც ჩართვას ცდილობდა. რიგ მომენტებში ნერვიულობამ და გამოცდილებამ თავი იჩინა, მაგრამ ბევრიც იბრძოლა. ყველაზე მეტჯერ მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ (3). გოლის დროს კლაესონმა აჯობა, თორემ უფრო მაღალ შეფასებას მიიღებდა.

გურამ კაშია 7 - გამოუცდელ დაცვის ხაზს ლიდერი სჭირდებოდა და გურამმა ეს მისია დიდებულად შეასრულა. გოლის მომენტში მისი ზონაც ჩავარდა, მაგრამ მთლიანობაში ნამდვილად მაღალი დონის თამაში ჰქონდა. 35-ე წუთზე გუნდი საოცარი, დიდოსტატური ვარდნით გადაარჩინა. მოედანზე ნამდვილად ლიდერი იყო.

ლაშა დვალი 6.5 - დვალმა თავისი მისია კარგად შეასრულა. კაშიას მხარი კარგად აუბა და ცენტრალური მცველების თამაში ნამდვილად დადებითი იყო. შვედებმა საქართველოს კართან ბევრი ვერაფერი შექმნეს და მათი წვლილი ამაში ნამდვილად არის. უბრალოდ, ზლატანი ძალიან დიდი ფეხბურთელია.

გურამ გიორბელიძე 6.5 - ისიც დებიუტანტი იყო და პერსპექტივაში დაცვის მარცხენა ფლანგზე გამოჩნდა საინტერესო კადრი. დეიან კულუშევსკიმ პრაქტიკულად ერთხელ აჯობა. მეორე ნახევარში შეტევაშიც ერთვებოდა და ორი ყველაზე საინტერესო მომენტი მისი ფლანგიდან დაიწყო.

ნიკა კვეკვესკირი 5 - პოლონურ „ლეხში“ უთამაშებლობა მას დაეტყო. თამაშის ტემპს ხშირად აგდებდა და ლოგიკური იყო, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს.

ჯაბა კანკავა 6 - საქართველოს ნაკრების კაპიტანი თავიდან შესანიშნავი იყო და შეტევაშიც ერთვებოდა. დროთა განმავლობაში მოუკლო. მეორე ტაიმის ცვლილება გვაფიქრებინებს, რომ სანიოლმა ის ესპანეთთან მატჩისთვის შეინახა.

გიორგი აბურჯანია 5.5 - ის „კარტახენაში“ კარგ ფორმაში იყო და მეტს მოველოდით, ბევრი წუნი ჰქონდა გადაცემების დროს და ხშირად აგვიანებდა. თუმცა, 82-ე წუთზე იდეალური და დროული პასით ლევან შენგელიას ლამის გოლი გაატანინა, მაგრამ შვედების კიპერმა მას საგოლე პასი და ჩვენ ქულა წაგვართვა.

საბა ლობჟანიძე 5.5 - საბასგან მეტს ველით, თუმცა ეს მისი თამაში არ იყო. პირველ ტაიმში შვედების დაცვის მარცხენა ფლანგზე ბევრი სივრცე რჩებოდა, მაგრამ ხშირად ლობჟანიძეზე პასი გვიანდებოდა. ერთხელ კარგად შეიჭრა საჯარიმოში და კვარაცხელიას ლუსტიგმა წამით დაასწრო.

გიორგი ქვილითაია 5 - ბევრი იშრომა და ბევრი იბრძოლა, მაგრამ დაბალი შეფასება იმიტომ, რომ მე-14 წუთზე იდეალური მომენტი ჰქონდა, მეტად ცივსისხლიანი უნდა ყოფილიყო. რაც მთავარია, დროც ჰქონდა, სივრცეც და ვარიანტიც (ლობჟანიძეზე პასი ცარიელი კარის წინ), თუმცა დარტყმაც კარგი გადაწყვეტილება იყო, ოღონდ, შესრულება არ ვარგოდა. იქ რომ ანგარიში გახსნილიყო, ვინ იცის...

ხვიჩა კვარაცხელია 5.5 - ხვიჩამ მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა და ეს ნამდვილად არ იყო იხ ხვიჩა, რომელსაც ვიცნობთ. რა თქმა უნდა, ძნელია, ეროვნულ ნაკრებში უმალვე ყველაფრის წარმოჩენა და ეს გვესმის. რამდენჯერმე შესანიშნავი დრიბლინგი გააკეთა, მაგრამ საბოლოოდ სიმწვავე მაინც აკლდა. ქვილითაია მეკარესთან პირისპირ მისი პასით დარჩა და ეს საუკეთესო მოქმედება იყო.

ოთარ კიტეიშვილი 5 - კიტეიშვილმა ტრავმა ცოტა ხნის წინ მოირჩინა და როგორც ჩანს, შორსაა სასურველი კონდიციისგან. ყოველშემთხვევაში თამაშში ისე ნამდვილად ვერ ჩაერთო როგორც იცის.

ვაკო გვილია 5 – „ლეგიას“ ნახევარმცველი შორსაა საუკეთესო ფორმისგან. რამდენიმე არაზუსტი პასი გააკეთა, რასაც ლამის სახიფათო იერიშები მოჰყვა, რომ არა დაზღვევაზე თანაგუნდელთა კარგი თამაში.

ლევან შენგელია 5.5 - შენგელიამ თამაში ბოლომდე ვერ გაამწვავა. ყველაზე რეალური საგოლე მომენტი (ქვილითაიასთან ერთად)სწორედ მას ჰქონდა, როდესაც ნამდვილად კარგად გაიხსნა, იდეალური პასიც მიიღო და ერთი შეხებით დაარტყა მუშა ცაციათი. ოდნავ კუთხეში რომ დაერტყა, ახლა სხვა სიტუაცია იქნებოდა...

გიორგი ბერიძე 6 - უნგრული „უიპეშტის“ შემტევმა მხოლოდ 15 წუთი ითამაშა, სამწლიანი პაუზის და სულ მესამედ ნაკრებში. კარგად ჩაერთო და მარცხენა ფლანგიდან თამაშს სიმწვავე შემატა. ამიტომ - 6.

გიორგი მიქაუტაძე შ.გ - ბელგიური „სერენის“ ფორვარდის დებიუტი შედგა. მცირე დრო დაეთმო, მაგრამ ნელ-ნელა ალბათ მეტ შანსს მიიღებს.

0.068319