პაულო დიბალა სავარაუდოდ, ზაფხულში გუნდს შეიცვლის. „იუვენტუსს“ 27 წლის თავდამსხმელის გაყიდვა გადაწყვეტილა აქვს, რაც ახალ კონტრაქტზე შეუთანხმებლობას უკავშირდება.
დიბალას კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და მხარეები მის განახლებაზე ვერ შეთანხნდნენ, რადგან „იუვე“ სეზონში 10 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს, ფეხბურთელი კი ამ პირობაზე თანახმა არაა. ამიტომაც, „იუვემ“ მოლაპარაკებები შეწყვიტა და ის უფასოდ რომ არ დაკარგოს, ზაფხულში უნდა გაყიდოს.
ტურინელთა ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა დაადასტურა, რომ სატრანსფერო ვარიანტებს გუნდი ყოველთვის სწავლობს, რაც მიანიშნებს, რომ წინადადებები განხილული იქნება. „ტოტენჰემი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არიან 50 მილიონი ევრო გაიღონ, მაგრამ „იუვე“ 75 მილიონ ევროს ითხოვს.
არსებობს კიდევ ერთი შესაძლებლობა - გაცვლა. მაურო იკარდი და ანტუან გრიზმანი ამ ეტაპზე ყველაზე რეალური ვარიანტებია, თუმცა, ფრანგის შემთხვევაში პრობლემა ხელფასია, რადგან ის „ბარსელონაში“ 18 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
პაულო დიბალა იანვრის დასაწყისიდან ტრავმირებულია და ვერ თამაშობს. მან მიმდინარე სეზონშ 16 თამაშში 3 გოლი გაიტანა, ხოლო მთლიანობაში „იუვენტუსის“ მაისურით ჩატარებულ 244 მატჩში 98 გოლის გატანა მოახერხა.