ფეხბურთი

22:12 | 21.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილის სადებიუტო გოლი ავსტრიაში, ოთარ კიტეიშვილი დაბრუნდა

ავსტრიის ბუნდესლიგაში ლუკა ლოჩოშვილმა სადებიუტო გოლი გაიტანა. ქართველი მცველის „ვოლფსბერგერი“ ვენაში, „აუსტრიას“ ეწვია და 5:3 დაამარცხა, ხოლო პირველი გოლი სტუმართა რიგებიდა ლუკას ანგარიშზეა.

ქართველმა მცველმა თავის გამოჩენა მე-14 წუთზე მოახერხა და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა (1:1). 22 წლის ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 29-ედ გავიდა მინდორზე (17 ბუნდესლიგაში, 4 ავსტრიის თასზე და 8 ევროპა ლიგაზე). სხვათა შორის, ის ბოლო ორ ტურში თადარიგში დატოვეს და ამ მატჩებში მისმა გუნდმა 9 გოლი გაუშვა... შედეგად, ძირითადში დააბრუნეს და „ვოლფსბერგერმაც“ მოიგო. არ უთამაშია გურამ გიორბელიძეს, რომელიც განაცხადში იყო, მაგრამ სკამზე ყოფნით შემოიფარგლა. „ვოლფსბერგერს“ 33 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციაზეა.

ვთქვათ ისიც, რომ ლოჩოშვილი საქართველოს ნაკრებში არ არის გამოძახებული, სამაგიეროდ არის გურამ გიორბელიძე, რომელიც ნაკრებს ხვალიდან შეუერთდება.

დღესვე, ავსტრიაში ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა, რომლის გრაცის „შტურმი“ სტუმრად „ადმირას“ დაუზავდა (0:0). ქართველი ნახევარმცველი ზუსტად ერთთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ეს შესანიშნავი ამბავია, რადგან ნაკრებში გამოძახებულია. გრაცელები“ 39 ქულით მეოთხე პოზიციაზე არიან.

0.154169