სხვა

11:33 | 19.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

მაიკ ტაისონი მაისში ბრძოლას აპირებს

მაიკ ტაისონი ამბობს, რომ რინგზე კიდევ ერთხელ დაბრუნებას გეგმავს და ბრძოლას მაისის ბოლოს გამართავს.

მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ვინც ნოემბერში საჩვენებელი ბრძოლა გამართა როი ჯონს უმცროსთან, ხსოვნის დღის უქმეებზე, მიამის ჰარდ როკ სტედიუმზე იბრძოლებს. მეტოქე ჯერჯერობით უცნობია, ბრძოლის სავარაუდო დღე კი 29 მაისია.

ტაისონი ჯერჯერობით არაფერს ამბობს თავის სავარაუდო მეტოქეზე. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ის ევანდერ ჰოლიფილდს დაუპირისპირდეს, ვისთანაც მოლაპარაკებას მართავს. მათ ძველი მეტოქეობა აქვთ და არაა გამორიცხული, რომ მესამედაც შეხვდნენ ერთმანეთს.

მათი მეორე ბრძოლა 1997 წლის ივნისში გაიმართა. ის კრივის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი და ტაისონისთვის ყველაზე სამარცხვინო ბრძოლაა - მაშინ ტაისონმა მეტოქეს ყური მოაჭამა, რის გამოც, დისკვალიფიკაცია დაიმსახურა. მოგვიანებით, ჰოლიფილდმა მას ეს საქციელი აპატია და ამჟამად მათ შორის სპორტული მეტოქეობა შემორჩა.

ამ ბრძოლამდე ერთი წლით ადრე, ჰოლიფილდმა ტაისონს მე-11 რაუნდში ნოკაუტი აგემა და მძიმე წონის ტიტული ჩამოართვა.

ტაისონი ამბობს, რომ როი ჯონსთან საჩვენებელ შეხვედრაში, თავს უკეთ გრძნობდა, ვიდრე მოელოდა. ის ბრძოლა ფრედ დასრულდა, თუმცა მიმომხილველები აღიარებენ, რომ ტაისონს უპირატესობა ჰქონდა.

„ცოტა ვინერვიულე, მაგრამ საბოლოოდ დავმშვიდდი. გავიფიქრე, შესანიშნავია, ბევრი შემძლებია, მეტი დარტყმა, მეტი კომბინაცია. გავიფიქრე, ეს საინტერესოა. და მე ამის გამეორება მინდა. ისეთი მეტოქე მჭირდება, ვისთანაც ბოლომდე დავიხარჯები. მოკლედ, ამის გამეორება მსურს. ხანგრძლივი ბრძოლა მწყურია. არ მინდა, ვინმეს ნოკაუტით მოვუგო. ჩემგან ხალხი ამას ელის, მაგრამ მე ხანგრძლივი ბრძოლა მსურს“, - ამბობს ტაისონი.

0.114964