ფეხბურთი

2:18 | 18.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

უფერული მერვედფინალი დასრულდა, წინ მეოთხედფინალია

ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა და შედეგად რვავე მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა. დასკვნითი ორი მატჩი მიუნხენსა და ლონდონში გაიმართა.

„ბაიერნი“ რომის „ლაციოს“ დაუხვდა, პრაქტიკულად ამხანაგურ მატჩში, რადგან პირველი თამაში იტალიაში 4:1 ჰქონდა მოგებული და ცხადია, სიმონე ინძაგის გუნდი ამ ჩამორჩენის გამბათილებელი ნამდვილად არ იყო. სასწაული ხდება, მაგრამ „ლაციოს“ წინაშე მდგარი მისია სასწაულის ცნებასაც სცდებოდა. მიუნხენელებმა ძალების დაზოგვით ითამაშეს, მაგრამ ესეც საკმარისი გამოდგა რომაელთა მეორედ დასამარცხებლად. რობერტ ლევანდოვსკიმ პირველ ტაიმში გაიტანა, მეორე ნახევარში კი თავი ერიკ ჩუპო-მოტინგმა გამოიჩინა. თამაშის მიწურულს მარკო პაროლომ გაიტანა და ეს პრესტიჟის გოლი იყო. საბოლოოდ, „ბაიერნმა“ ეს თამაში 2:1 და ორი მატჩის ჯამში 6:2 მოიგო და ტიტულის შენარჩუნებისკენ დიდი სისწრაფით მიდის.

ლონდონის „ჩელსი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ შინ ერთბურთიანი უპირატესობით (1:0) დაუხვდა და სამი კვირის წინ მოპოვებული უპირატესობა გაზარდა. პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში დიდებული კონტრშეტევის შედეგად ჰაკიმ ზიეჩმა გახსნა, ხოლო თამაშის ბოლოს ემერსონ პალმიერიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0 (ორი მატჩის ჯამში 3:0).

„ჩელსიმ“ დიეგო სიმეონეს „ატლეტიკო“ ორივე მატჩში მაგრად დაჩაგრა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 2014 წლის შემდეგ პირველად, ანუ, 7-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა... სხვათა შორის, ტომას ტუხელის მისვლის შემდეგ „არისტოკრატები“ ფანტასტიკურად ათამაშედნენ და ჯერ ხომ დაუმარცხებელია და მეორეც, გოლს პრაქტიკულად არ უშვებს, რაც საინტერესო სიგნალია.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მერვედფინალურმა ეტაპმა ინტრიგის და დაძაბულობის გარეშე ჩაიარა. პრაქტიკულად ყველა წყვილში პირველივე მატჩებში ყველაფერი გაირკვა. ერთადერთი „იუვენტუსი“ – „პორტუს“ წყვილი იყო გამონაკლისი, რომელშიც მართლაც დრამა შედგა, არადა, თავიდან თითქოს ამ წყვილს ჰყავდა ყველაზე გამოკვეთილი ფავორიტი, მაგრამ ტურინელთა უნიათობით მეოთხედფინალში „პორტუ“ გავიდა და უფერული მერვედფინალი ცოტათი ამ ორმა მატჩმა გამოაკეთა.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ჩელსი“, „ბაიერნი“, „მანჩესტერ სიტი“, „რეალი“, „დორტმუნდი“, „პარი სენ ჟერმენი“, „პორტუ“ და „ლივერპული“ ითამაშებენ. მეოთხედფინალური და წინასწარ ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა პარაკსევს, 19 მარტს გაიმართება.

„ბაიერნი“ – „ლაციო“ 2:1 (1:0)

მიუნხენი, „ალიანც არენა“

„ბაიერნი“ (4-4-1-1): ნიუბელი; პავარი, ბოატენგი (ზულე 46), ალაბა, ერნანდესი; სანე, გორეტცკა (დევისი 64), კიმიხი (ხავი მარტინესი 77), გნაბრი; მიულერი (მუსიალა 71); ლევანდოვსკი (ჩუპო-მოტინგი 71)

მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ფლიკი

„ლაციო“ (3-5-2): რეინა; მარუშიჩი, აჩერბი, რადუ; ლაძარი (პაროლო 57), მილინკოვიჩ-სავიჩი, ეკსალანტე (აკპა-აკპრო 84), ლუის ალბერტო (კატალდი 75), ფარესი (ლულიჩი 46); მურიქი (პერეირა 55), კორეა

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (33, პენ), 2:1 ჩუპო-მოტინგი (73), 2:1 პაროლო (82)

გაფრთხილება: გორეტცკა (48) - რადუ (26), აჩერბი (31), მილინკოვიჩ-სავიჩი (39), კორეა (70)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 5 (2) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 4:1 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: იცვან კოვაში (რუმინეთი)

„ჩელსი“ – „ატლეტიკო“ 2:0 (1:0)

ლონდონი,“სტემფორდ ბრიჯი“

„ჩელსი“ (3-4-2-1): მენდი; ასპილიკუეტა, ზუმა, რუდიგერი; ჯეიმსი, კანტე, კოვაჩიჩი, ალონსო (ჩილველი 90); ზიეჩი (პულიშიჩი 77), ჰავერტცი (ემერსონი 90); ვერნერი (ჰადსონ-ოდოი 83)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ტრიპიერი (ლემარი 69), სავიჩი, ხიმენესი, ლოდი (გერმოსო 46); ლორენტე, კოკე, საულ ნიგესი, ფერეირა-კარასკო (დემბელე 53); სუარესი (კორეა 59), ჟოაო ფელიქსი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 1:0 ზიეჩი (34), 2:0 ემერსონი (90)

გაფრთხილება: ჰავერტცი (30) - ლოდი (31), საულ ნიგესი (51), ხიმენესი (60), კოკე (72)

გაძევება: სავიჩი (82)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 8 (5) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

0.217598