ფეხბურთი

0:56 | 18.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი დაშავდა: "ტკივილი ვერ გადალახა, დიდი ჰემატომა აქვს"

ვოლგოგრადის „როტორის“ ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი დაშავდა. 20 წლის ფეხბურთელი „როსტოვთან“ (0:4) წაგებულ მატჩში 30-ე წუთზე შეცვალეს, საინტერესოა, რომ მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში ვოლგოგრადელები არ აგებდნენ.

ამ შეხვედრაში სოლომონ კვირკველიას არ უთამაშია, ქართველი მცველი ვეღარ ხვდება ძირითად შემადგენლობაში და ამჯერადაც სათადარიგო სკამიდან უყურა თამაშს, გიორგი არაბიძე განაცხადში არ იყო. დავითაშვილის ტრავმასთან დაკავშირებით კი „როტორის“ მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ხაცკევიჩმა კომენტარი გააკეთა.

„რა თქმა უნდა, ამ მატჩში ზურიკოს ტრავმამაც იმოქმედა, ის ბევრ მომენტს ქმნის თავისთვის და გუნდისთვის, აჩქარებს შეტევას. ჯერ გაურკვეველია, როდის გამოჯანმრთელდება. მან კოჭში დარტყმა ჯერ „ხიმკისთან“ შეხვედრაში მიიღო, „როსტოვთან“ ინექციით ითამაშა, მაგრამ ტკივილი ვერ დაძლია, ამიტომაც შევცვალე. დიდი ჰემატომა აქვს“, - თქვა ხაცკევიჩმა.

აღსანიშნავია, რომ ზურიკო ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არ გამოიძახა, მაგრამ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებშია გამოძახებული ბელარუსთან 29 მარტს გასამართი ამხანაგური მატჩისთვის. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ის რამაზ სვანიძის გუნდის დახმარება.

მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა რუსეთის პრემიერლიგაში 14 უგოლო მატჩი ჩაატარა, „როტორი“ კი 18 ქულით მე-13 ადგილზეა და მომდევნო ტურში 3 აპრილს, მოსკოვის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს.

0.138039