„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „გლადბახთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელ სპეციალისტს თავისი გუნდის თამაში ძალიან მოეწონა და იმედი გამოთქვა, რომ ასე გაგრძელდება.
„კარგი თამაში გვქონდა, თავიდანვე ვაკონტროლებდით თამაშს. ეს რთული ტურნირია, მაგრამ ორი გოლის შემდეგ ყველაფერი გაგვიადვილდა. სწორ პოზიციებზე ვიყავით და ბურთი სწრაფად მოძრაობდა. გუნდი კარგად მუშაობს და ბედნიერები ვართ, რომ მეოთხედფინალში გავედით.
ჩვენ მხოლოდ ერთი გოლი გავუშვით ჩემპიონთა ლიგაზე - „პორტუსგან“. ეს შთამბეჭდავია, გუნდისთვის უდიდესი ნაბიჯია. ყველა ბევრს მოძრაობს, არა მხოლოდ ფორვარდები, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენ თავს ბურთით ვიცავთ. როდესაც მას დავკარგავთ, აგრესიულად უნდა ვიმოქმედოთ. ახლა ყველა გუნდს შეუძლია დაგსაჯოს. თამაშის ხარისხი ყოველჯერზე უმჯობესდება და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება. ვეცდებით კარგად ვითამაშოთ და ვნახოთ, ეს სადამდე მიგვიყვანს.
ახლა ყველა ჯანმრთელია, 6-7 კაცის როტაციის საშუალება გვაქვს. დასვენებულები უნდა ვიყოთ თუ გვსურს, რომ ყველა ტურნირზე ბოლომდე ვიბრძოლოთ. სეზონი ძალიან გრძელია და ოქტომბრიდან ერთი კვირა არ გვქონია შუა კვირაში თამაშის გარეშე“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ „გლადბახი“ ორი მატჩის ჯამში 4:0 (2:0, 2:0) დაამარცხა და მეოთხედფინალში ადვილად გავიდა.