ქართველმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ Championat-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ სამი ქვეყნიდან ჰქონდა შეთავაზებები, მაგრამ ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არ არის.
გარდა ამისა, „დინამო ბათუმში“ დარჩენის სურვილიც დაადასტურა და აღნიშნა, რომ მოხარული იქნება თუ კონტრაქტს გაუფორმებენ, ცხადია, მადრიდის „რეალში“ თუ არ მიიწვევენ. ჯანოს განცხადებით, ჯერ კარიერის დასრულებას არ აპირებს, რადგან პატარაა, როგორც სიმაღლით, ისე ასაკით.
„ბევრი ადამიანი ჩემს შესახებ ყველანაირ სიბინძურეს წერს „როტორში“ პერიოდზე. თავიდანვე მქონდა შეთანხმება, რომ თუ ფეხის პრობლემები შემექმნებოდა, წამოვიდოდი, ფული საჭირო არ იყო და ისინი ამბობენ, რომ „როტორი“ მოვატყუე. კლუბს თითქმის მთელი თანხა დავუტოვე, არაფერი წამოვიღე. ერთი თვე გადამიხადეს, რაც გუნდში გავატარე. შემეძლო ჯდომა, გამოჯანმრთელება და ხელფასის მიღება გამეგრძელებინა, მაგრამ ხელი ჩამოვართვით და ერთმანეთს ლამაზად დავშორდით.
თამაშს კიდევ ვაპირებ. ჯერ პატარა ვარ კარიერის დასასრულებლად, როგორც სიმაღლით, ისე ასაკით. ახლა ისეთი არაფერი მაქვს, რომ ოპერაცია დამჭირდეს. წასვლაზე ჯერ არ მიფიქრია. კვიპროსში მუხლზე ანთება მქონდა, რეაბილიტაცია გავიარე, მაგრამ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც საჭიროა. ვიღაცამ მითხრა, რომ სერიოზული იყო, ვიღაც - თავისთვის გაივლისო. როდესაც რეაბილიტაცია გავიარე და სირბილი დავიწყე, კვლავ შემაწუხა. შეუძლებელია მუხლიდან ბევრჯერ სითხის ამოტუმბვა. შემდეგ „როტორშიც“ იგივე მუხლზე მქონდა ანთება.
საქართველოში დავბრუნდი, „დინამო ბათუმში“ ვთხოვე, რომ მევარჯიშა, ისინი დამთანხმდნენ, თითქმის ორი კვირაა მათთან ვვარჯიშობ. მინდა ფორმაში შევიდე. ზედმეტი კილოგრამები თითქმის მოვიშორე. ვვარჯიშობ, პლუს პროგრამას ვასრულებ, რომელსაც ვლადი მაწვდის.
შეთავაზებები იყო თურქეთიდან, ყაზახეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, მაგრამ ჯერ არსად წასვლა არ მსურს, რადგან ფორმა არ არის სათანადო. აუცილებელია გაიარო სათანადო საწვრთნელი შეკრება, რიტმი დაიბრუნო და ითამაშო. ამიტომ, ახლა ბათუმში ვარ. აქ დარჩენის წინააღმდეგი არ ვიქნები, მინდა ეს. თუ მათთან კონტრაქტს გავაფორმებ, მოხარული ვიქნები, მაგრამ გადაწყვეტილებას ისინი მიიღებენ. ახლა სანაკრებო პაუზაა და ბიჭებს წარმატებებს ვუსურვებ, მინდა, „დინამო ბათუმში ამხანაგური თამაშები ჩავატარო.
უბრალო ვარჯიში ერთია და სრულფასოვანი კონტრაქტი - სხვა. მინდა ეს, რაც შეიძლება მალე მოხდეს, რომ კონცენტრაცია მხოლოდ ფეხბურთზე შევძლო. თამაში მინდა. ასე რომ, მოხარული ვიქნები აქ დარჩენით, თუ რა თქმა უნდა, ხვალ მადრიდის „რეალიდან“ არ დამირეკავენ“, - თქვა ანანიძემ.
შეგახსენებთ, ჯანო ანანიძეს მოსკოვის „სპარტაკში“, „როსტოვში“, „კრილია სოვეტოვში“, „ანორთოსისსა“ და „როტორში“ უთამაშია. უფრო სწორად ვოლგოგრადელთა რიგებში მხოლოდ ირიცხებოდა და მოედანზე არ გასულა. 28 წლის ფეხბურთელი გასული წლის შემოდგომიდან მოყოლებული უკლუბოდაა.