სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

2:24 | 17.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

სიურპრიზების გარეშე: "რეალი" მეოთხედფინალს 2018 წლის შემდეგ დაუბრუნდა

„პორტუ“, „პარი სენ ჟერმენი“, „დორტმუნდი“, „ლივერპული“ და ახლა უკვე „რეალი“ და „მანჩესტერ სიტი“. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი ჯერჯერობით ინტრიგის გარეშე მიმდინარეობს. ყოველშემთხვევაში პირველ მატჩებში წარმატებულმა გუნდებმა უპირატესობა შეინარჩუნეს და საპასუხო თამაშებში ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა.

მადრიდის „რეალს“ „ატალანტასთან“ სტუმრად 1:0 ჰქონდა მოგებული და იტალიურ გუნდს შანსი გააჩნდა, მაგრამ ძნელია, როდესაც მადრიდის „რეალთან“ სტუმრად აუცილებლად მოსაგები გაქვს. და, ვერც მოიგო. მოგებას ვინ დაეძებს, ბერგამოელები უშანსოდ დამარცხდნენ.

პირველ ტაიმში კარიმ ბენზემამ კარგად შეირგო მეტოქის შეცდომა და თავისიანები დააწინაურა, ხოლო მეორე ტაიმში სერხიო რაოსმა ყველანაირი, თუნდაც არსებული მცირე ინტრიგა საერთოდ გააქრო. მართალია, თამაშის ბოლოს ლუის მურიელმა ულამაზესი ჯარიმა გაიტანა, მაგრამ ეს არაფერში წაადგა ჯან პიერო გასპერინის გუნდს, რადგან საპასუხო შეტევაში გაუშვა და 1:3 წააგო. ორი მატჩის ჯამში კი 4:1 და მადრიდის „რეალი“ მეოთხედფინალშია, სხვათა შორის, 2018 წლის შემდეგ პირველად. დიახ, იმ სეზონის შემდეგ, როდესაც „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და გუნდიდან კრიშტიანუ რონალდუ წავიდა, მერვედფინალს პირველად გასცდა.

მეოთხედფინალში „სამეფო კლუბის“ გარდა „მანჩესტერ სიტიც“ ითამაშებს, მაგრამ ეს ხომ ჯერ კიდევ სამი კვირის წინ გახდა ცნობილი, როდესაც პეპ გვარდიოლას გუნდმა სტუმრად 2:0 მოიგო და უსუსურ „გლადბახთან“ ინგლისური კლუბი ამ უპირატესობას რომ არ გაანიავებდა, ისედაც ნათელი იყო.

„ქალაქელებმა“ საპასუხო შეხვედრის საწყის 18 წუთში გაიტანეს 2 გოლი და ამის შემდეგ კარგად დაისვენეს. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და „სიტიმ“ გერმანულ გუნდს აკადემიურ სტილში აჯობა. ცხადია, მანჩესტერელები ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი ფავორიტები არიან.

ამრიგად, უკვე გაირკვა 6 მეოთხედფინალისტი და დარჩა ორი მერვედფინალური თამაში. შეგვიძლია აქაც თამამები ვიყოთ პროგნოზში: მიუნხენის „ბაიერნს“ „ლაციოსთან“ სტუმრად 4:1 აქვს მოგებული და ცხადია მომდევნო ეტაპზეა, ხოლო „ჩელსიმ“ „ატლეტიკოს“ 1:0 გასვლაზე აჯობა და ამ გუნდების ბოლოდროინდელ სათამაშო ფორმასაც თუ შევადარებთ, ინგლისელები მეოთხედფინალთან ძალიან, ძალიან ახლოს არიან...

„რეალი“ – „ატალანტა“ 3:1 (1:0)

მადრიდი, „ალფრედო დი სტეფანო“

„რეალი“ (3-5-2): კურტუა; ვარანი, სერხიო რამოსი (მილიტაო 64), ნაჩო; ვასკესი, მოდრიჩი, ვალვერდე (ასენსიო 82), კროოსი, მენდი; ბენზემა, ვინისიუსი (როდრიგო 69)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

„ატალანტა“ (3-4-2-1): სპორტიელო; ტოლოი (პალომინო 61), რომერო, ჯიმსიტი; მაელე, დე რონი, პესინა (კალდარა 84), გოსენსი (ილიჩიჩი 57) - მალინოვსკი, პაშალიჩი (საპატა 46) - მურიელი (მირანჩუკი 84)

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი

გოლები: 1:0 ბენზემა (34), 2:0 სერხიო რამოსი (60, პენ), 2:1 მურიელი (83), 3:1 ასენსიო (85)

გაფრთხილება: ვალვერდე (39), ნაჩო (73), კროოსი (77) - ტოლოი (59)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (6) – 10 (5) ბურთის ფლობა: 56%-54% კუთხურები: 0:5 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: დანი მაკელიე (ნიდერლანდები)

„მანჩესტერ სიტი“ – „გლადბახი“ 2:0 (2:0)

მანჩესტერი, „ეტიჰად სთედიუმი“

„მანჩესტერ სიტი“ (4-2-3-1): ედერსონი; უოლკერი, სტოუნსი, დიაში (ლაპორტი 70), კანსელო (ზინჩენკო 64); როდრი (ფერნანდინიო 63), გიუნდოგანი (სტერლინგი 70); მაჰრეზი, დე ბრუინი, ფოდენი; ბერნარდო სილვა (აგუერო 75)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

„გლადბახი“ (4-2-3-1): სომერი; ლაინერი, გინტერი, ელვედი (იანტშკე 80), ბენსაბაინი (ვენდტი 88); ზაკარია, ნოიჰაუსი; ჰოფმანი, შტინდლი (ტრაორე 80), ტურამი (პლეა 65); ემბოლო (ვოლფი 65)

მწვრთნელი: მარკო როზე

გოლები: 1:0 დე ბრუინი (12), 2:0 გიუნდოგანი (18)

გაფრთხილება: კანსელო (55), ფერნანდინიო (82)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (7) – 6 (3) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11243