თბილისის "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და "დინამო თბილისთან" (3:4) მატჩის მთავარი მსაჯი გოგა კიკაჩეიშვილი გააკრიტიკა. მან საკმაოდ პირდაპირი განცხადებები გააკეთა და განაცხადა, რომ გაჩუმებას არ აპირებს, რადგან სირაქლემას პოზაში ყოფნა ქართულ ფეხბურთს კარგს არაფერს მოუტანს.
"საბურთალო" "დინამოსთან" მატჩში ორ ეპიზოდში ითხოვდა პენალტის დანიშვნას, თუმცა, ამაოდ. ამიტომაც, თბილისური გუნდის მთავარმა მწვრთნელი თავისი პოზიცია ღიად დააფიქსირა:
სტატუსების წერა არ მჩვევია, არაფერი არასდროს არ დამიწერია, მაგრამ გუშინ, რა ცირკი დადგეს და კონკრეტულად კიკაჩეიშვილმა არ შემეძლო არ დამეწერა არაფერი, ბოდიშს გიხდით წინასწარ თუ რამე ზედმეტი მომივა, უბრალოდ მინდა მივმართო და ამას აუცილებლად მედიასთანაც დავაფიქსირებ, ესეთ უსამართლობაში და არათანაბარ ბრძოლაში მე აღარ ვაპირებ გაჩერებას, არასდროს სხვისთვის არ დამიბრალებია წაგება ან რამე იმედგაცრუება, მაგრამ უკვე დროა ხმა ამოვიღოთ, მე მიმაჩნდა შარშან ლოკომოტივიდან რომ წამოვედი, ის გადაწყვეტილება, რაც კლუბმა მიიღო, ჩემთვის უსამართლო იყო და მეყო კაცობა და დავტოვე კლუბი, მიუხედავად იმისა, რომ დიდ პატივს ვცემდი და დღესაც ვცემ ლოკომოტივის ხელმძღვანელობას, მაგრამ ჩემი პრინციპი ყველას და ყველაფერზე მაღლა იდგება და დგას, ეს შემთხვევაა ახლაც, სადაც ჩემი პატიოსნება და პრინციპი შეილახა ვიღაც არაკომპეტენტური ტიპის (მას ვერაფერს დავარქმევ) გამო. მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთს დავუთმე არც ოჯახი ვიცი და არც მეგობარი იმდენად ჩართული ვარ საქმეში და არავის არ მივცემ იმის უფლებას ასე არასამართლიანად მომექცეს, თურმე პატიოსნად შრომა არ არის საკმარისი რო რამეს მიაღწიო, ან დინამოს რაში ჭირდება ასეთი ჩემპიონობა და მოგება, ნამდვილად აღარ ვაპირებ გაჩუმებას, ჩავყვები ბოლომდე, სანამ სამართალს არ მივიღებ, მე ვინც მიცნობს, მთელი ჩემი ცხოვრება სამართლიანად მიმყავს და ყალბი არასდროს არაფერში ვყოფილვარ, არც საქმეში და არც მეგობრობაში, აღარც ახლა ვაპირებ ვინმემ შელახოს ჩემი პატიოსნება რომელიც გუშინ ნამდვილად შეილახა ვიღაცა მიკერძოვებული ადამიანის გამო. პასუხს ვითხოვ და ძალიან გთხოვთ, გამეცით იმ ადამიანებმა ვისაც გეკუთვნით და ძალიან კარგად იცის ვის ეკითვნის, შარშან ბათუმის პრეზიდენტმა ბატონმა აჩიკო ბერიძე აპირებდა ზუსტად ამ ადამიანის გამო ფეხბურთიდან წასვლას, რომელიც ამხელა ინვესტიციებს დებს შრომას და ნერვებს ამ საქმეში და მაინც ეს პატარა ბავშვი მსაჯს ვგულისხმობ ასე უტიფრად აგრძელებს თავის მოღვაწეობას ბრჭყალებში რა თქმაუნდა, ზუსტად ეგ განცდა მაქვს ახლა, რომ უსამართლობის მსხვერპლი ვარ და ვართ ამ შემთხვევაში საბურთალო, ასე წინ ვერ წავა ვერც ქართული ფეხბურთი და ვერც ინდივიდუალურად განვითარდებით ვერც მწვრთნელები და ვერც ვერცერთი ფეხბურთში მოღვაწე ადამიანე, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, სირაქლემას პოზაში ყოფნას არ ვაპირებ! მადლობა და ბოდიშს გიხდით თუ ზედმეტად გულახდილი ვიყავი", - დაწერა კორღალიძემ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, "საბურთალოს" კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 4 ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს მოპოვებული.