„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ სერია A-ს ბოლო ტურში „კალიარისთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 30 გოლი დაუგროვდა, ხოლო ზოგადად პროფესიულ კარიერაში - 770!
რონალდუმ ლეგენდარულ პელეს გადაასწრო, რომლის ანგარიშზე 767 გოლია. ამასთან დაკავშირებით, კრიშტიანუ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ წინ კიდევ ბევრი გამოწვევა, თამაში, რეკორდი და ტიტულია. როგორც პორტუგალიელი წერს, ეს ამბავი ჯერ კიდევ ძალიან შორსაა დასასრულისგან.
„ბოლო რამდენიმე კვირა სავსე იყო ახალი ამბებით და სტატისტიკით, რომლებმაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირად მიმიჩნიეს და პელეს 757 გოლზე წინ დამაყენეს. მიუხედავად იმისა, რომ მადლობელი ვარ ამ აღიარებისთვის, ახლა დროა ავხსნა თუ რატომ არ ვცნობდი ამ რეკორდს აქამდე.
ჩემი მარადიული და უპირობო აღტაცებამ ედსონ არანტეს დო ნასიმენტოსადმი, ასევე პატივისცემამ, რომელიც მეოცე საუკუნის შუა წლების ფეხბურთისადმი მაქვს, მიბიძგა გამეთვალისწინებინა 767 გოლი - „სან პაულუს“ შტატის გუნდში 9 გოლი და 1 გოლი ბრაზილიის სამხედრო გუნდში, როგორც ოფიციალური გოლები. სამყარო შეიცვალა და ფეხბურთიც შეიცვალა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია ისტორიის წაშლა ჩვენი ინტერესების შესაბამისად.
დღეს, როდესაც ჩემს პროფესიონალურ კარიერაში 770 გოლს ოფიციალურად მივაღწიე, ჩემი სიტყვები პირდაპირ პელეს ეხება. მსოფლიოში არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც არ გაზრდილა მასზე ისტორიების მოსმენით, მისი გოლებისა და წარმატებების შესახებ და არც მე ვარ გამონაკლისი. ამიტომაც, მე სიხარულით და სიამაყით ვივსები, როდესაც ვაცნობიერებ, რომ პელეს რეკორდი დავახმე და მსოფლიოს სათავეში ვარ, რაზეც ვერასდროს ვიოცნებებდი, როდესაც მადეირაში ვიზრდებოდი.
მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად მონაწილეობა მიიღო ამ საოცარ მოგზაურობაში. ჩემს თანაგუნდელებს, მოწინააღმდეგეებს, ლამაზი თამაშის გულშემატკივრებს და უპირველეს ყოვლისა ჩემს ოჯახს და ახლო მეგობრებს. მერწმუნეთ, თქვენს გარეშე ვერ შევძლებდი. ახლა მოუთმენლად ველოდები შემდეგ მატჩებს და გამოწვევებს! შემდეგ რეკორდებს და ტიტულებს. დამიჯერეთ, ეს ამბავი ჯერ კიდევ შორსაა დასასრულისგან. მომავალი არის ხვალ და ჯერ კიდევ ბევრია მოსაგები „იუვენტუსთან“ და პორტუგალიის ნაკრებთან ერთად“, - დაწერა რონალდუმ სოციალურ ქსელში.
რონალდუს შედეგს პელეც გამოეხმაურა, რომელმაც სოციალური ქსელის მეშვეობით პორტუგალიელ ფეხბურთელს მიულოცა:
„კრიშტიანო, რა ბრწყინვალე კარიერა გაქვს! შენით ძალიან აღფრთოვანებული ვარ და ეს არავისთვისაა საიდუმო. გილოცავ ოფიციალურ მატჩებში ჩემი რეკორდის გაუმჯობესებას. ამ ფოტოს შენს საპატივცემულოდ ვიტოვებ დიდი სიყვარულით, როგორც მეგობრობის სიმბოლოს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არსებობს“, - დაწერა პელემ.
აღსანიშნავია, რომ რონალდუმ პელეს გადაუსწრო, მაგრამ მასზე წინ ჯერ კიდევ ორი ფეხბურთელია - რომარიო და იოზეფ ბიცანის. ბრაზილიელის ანგარიშზე 772 გოლია, ხოლო ბიცანის - 805. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ სხვადასხვა წყაროები განსხვავებულ სტატისტიკას აქვეყნებენ.