უკანასკნელ ხანს „რეალი“ ბოლო წუთებზე გატანას შეეჩვია. უკვე ზედიზედ მეოთხე მატჩია ზინედინ ზიდანის შეგირდებს ბოლოსკენ გააქვთ გოლები, ასე იყო „ატალანტასთან,“ „სოსიედადთან,“ „ატლეტიკოსთან“ და ახლა „ელჩესთან.“
სტუმარ ვალენსიელებს ცუდად არ უთამაშიათ. 12 წუთის განმავლობაში იგებდნენ კიდეც.
ძალიან მოსაწყენი პირველი ტაიმის კვალად, შესვენების შემდეგ გუნდებმა ცოტა მოუმატეს ტემპს. ერთი საათის თავზე კი სტუმარმა დანი კალვომ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი შეაგება და ულამაზესი გლი გაიტანა. თითქმის მაშინვე ამას ზიდანის სამმაგი ცვლილება მოჰყვა, მინდორზე კროოსი, მოდრიჩი და როდრიგო გამოჩდნენ. მათმა გამოსვლამ დადებითად იმოქმედა მასპინძელთა თამაშზე. 73-ე წუთზე ბენზემამ სწორედ მოდრიჩის ჩაკიდების შემდეგ გაათანაბრა ანგარიში. უკვე წამატებულ წუთებზე კი როდრიგოს ჩაწოდების წყალობით შესანიშნავი დარტყმით გაიტანა გამარჯვების გოლი.
დუბლის ავტორმა შემდეგ თქვა: „ძნელი თამაში იყო კარგად ორგანიზებული გუნდის წინააღმდეგ. გაგვიჭირდა, მაგრამ ძალიან მოვინდომეთ და მნიშვნელოვანი სამი ქულაც მოვიპოვეთ. გამარჯვებისთვის მთელმა გუნდმა იმუშავა, შემცვლელებიც ჩინებულები იყვნენ.“ - ციტირებს ბენზემას სიტყვებს AS.
ახლა „რეალს“ 57 ქულა მოუგროვდა, „ბარსელონას“ გადაუსწრო და მეორე ადგილზე დადგა.
ლიდერმა „ატლეტიკომ“ კი ხეტაფეში ქულები დაკარგა. ტაბლოზე ნულების მიუხედავად, თამაშის სიუჟეტი ცოცხალი იყო. მაყურებელი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში დაძაბული უცქერდა ორთაბრძოლას. თუმცა საგოლე სიტუაციები ბევრი არ ყოფილა, ყველაზე რეალური მომენტი ბოლოსკენ შეექმნა ლუის სუარესს, მაგრამ ურუგვაელის დარტყმული მასპინძელთა კარის ძელს მოხვდა. ისიც ვთქვათ, რომ ხეტაფელებმა ბოლო 20 წუთი უმცირესობაში გაატარეს. მსაჯმა კამერუნელი ალან-რომეო ნიომი გააძევა.
საინტერესოა, რომ „ხეტაფეს“ უკვე ზედიზედ 19 მატჩია „ატლეტიკოსთვის“ არ გაუტანია.
მიუხედავად ამ წაფორხილებისა, 63 ქულით, დიეგო სიმეონეს გუნდი კვლავაც დამაჯერებლად ლიდერობს პრიმერას ცხრილს.
ესპანეთი
პრიმერა. 27-ე ტური. 13 მარტი
რეალი - ელჩე 2:1
მადრიდი. „ალფრედო დი სტეფანო“
0:1 კალვო (61), 1:1, 2:1 ბენზემა (73, 90+1)
რეალი: კურტუა, ნაჩო, რამოსი (როდრიგო 61), ვარანი, კაზემირო, მენდი, ისკო (მოდრიჩი 62), ვალვერდე (კროოსი 62), ვასკესი, ვინისიუსი (აზარი 75), ბენზემა
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
ელჩე: ედგარი, მოხიკა, ვერდუ, კალვო, ბარაგანი (სიფუენტესი 36), ფიდელი (სანჩესი 87), მარკონე, გუტი (გონსალესი 87), მორენტე (ფერნანდესი75), კარილიო, ბოიე (მფულიუ 75)
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
მსაჯი: ხორხე ვასკესი
გაფრთხილება: ბენზემა (37); კარილიო (69)
ხეტაფე - ატლეტიკო 0:0
ხეტაფე. „კოლისეუმ ალფონსო პერესი“
ხეტაფე: სორია, ნიომი, დაკონამი, ჩაკლა, ოლივერა, არამბარი, მაკსიმოვიჩი, ალენია, კუკურელია, უნალი (ტიმორი 90+1), ერნანდესი (დამიან სუარესი 65)
მწვრთნელი: ხოსე ბორდელასი
ატლეტიკო: ობლაკი, ტრიპიერი, სავიჩი, ხიმენესი, ერმოსო (ლემარი 64), ლიორენტე, კოკე, საული (ფელიში 46), კარასკო (ლოდი 64), კორეა (დემბელე 64), ლუის სუარესი
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
მსაჯი: ხოსე მარტინესი
გაფრთხილება: სორია (90+1); სავიჩი (45+2), ხიმენესი (45+1), ფელიში (77), ლიორენტე (83), ერმოსო (84, მინდორს გარეთ)
გაძევება: ნიომი (70)
ალავესი - კადისი 1:1
1:0 ხოსელუ (36 პენ), 1:1 ფერნანდესი (81 პენ)
გაძევება: გარსია (81) - ალავესი
ოსასუნა - ვალიადოლიდი 0:0