ფეხბურთი

2:18 | 14.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გაბედული ზაჰა და აგუეროს დაბრუნება

მოულოდნელად შაბათის სათამაშო დღის მთავარი გმირი „კრისტალ პალასის“ კოტდივუარელი შემტევი, უილფრიდ ზაჰა გახდა, რომელმაც „ვესტ ბრომვიჩთან“ მატჩის წინ (1:0), რასიზმის წინააღმდეგ მიმდინარე აქციისას, ტრადიციულ მუხლისმოყრაზე უარი თქვა.

„ყველა მუხლს იყრის... მეც ასე ვიქცეოდი, მაგრამ მომწყინდა, რატომ უნდა დავდგე მუხლებზე, იმიტომ, რომ ვაჩვენო რაღაცას წარმოვადგენთ? რატომ უნდა ჩავიცვა მაისურა წარწერით Black Lives Matter? ეს ყველაფერი შოუს დაემსგავსა და დამამცირებელია. სინადვილეში არაფერი იცვლება.

დიდ პატივს ვცემ პარტნიორებს, როლებიც ისევ იყრიან მუხლს და ამით პროტესტს უერთდებიან.

შოუები კი საჭირო არ არის, პრობლემას ძირეულად უნდა მიეხედოს. სკოლებიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი.“ - ციტირებს ზაჰას სიტყვებს Evening Standard.

„არწივების“ თავკაცმა, როი ჰოჯსონმა დაიცვა თავისი ფეხბურთელი: „ძალიან გამიკვირდებოდა ვინმეს რომ ეფიქრა, ზაჰასთვის ყველაფერი სულერთია და ამიტომ არ მოიყარა მუხლიო. პირიქით, მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ ძალიან განიცდის ამ პრობლემას.“ - უთხრა პრემიერლიგის ყველაზე მხცოვანმა სპეცილასტმა BBC-ს.

ახლა უშუალოდ ფეხბურთის ამბებზე. „ლიდსმა“ და „ჩელსიმ“ ერთმანეთს გოლები ვერ გაუტანეს. ფავორიტებად, ცხადია ლონდონელები ითვლებოდნენ. ისინი მთელი მატჩის განმავლობაში ბურთსაც აკონტროლებდნენ, მაგრამ რეალური მომენტები იშვიათად იქმნებოდა. მეკარეებიც ყოჩაღობდნენ. განსაკუთრებით ეს „ჩელსის“ კარის დარაჯზე, ედუარ მენდიზე ითქმის. სტუმართაგან მაინც ყველაზე გამორჩეული ჭაბუკი ჰავერცი გახლდათ. რამდენჯერმე მან მართლაც შეანჯღრია მასპინძელთა დაცვა.

მერე ლიდსელთა მწვრთნელმა ბიელსამ თქვა: „დიდად ვაფასებთ ამ შედეგს. თუკი დღეს ვინმეს უნდა გაემარჯვა, ეს ჩვენ ნამდვილად არ ვიყავითო.

თანაქალაქელ „იუნაიტედთან“ წაფორხილების შემდეგ, „მანჩესტერ სიტიმ“ კვლავ დაიწყო მოგებები. ჯერ „საუთჰემპტონი“ გააცამტვერა (5:2), ახლა კი „ფულემი“ გაანადგურა (0:3), თანაც ისე, რომ ხეირიანად არცკი გახურებულა.

ცხადია, „ქალაქელთა“ იოლ მოგებას ყველა ელოდა, მაგრამ გვარდიოლამ პატარა სიურპრიზიც მოუწყო მასპინძლებს. სასტარტოში არ იყვნენ: დე ბრუინი, სტერლინგი, მაჰრეზი, ფოდენი...

პირველი ტაიმი თამამად შეგვიძლია დავივიწყოთ, რადგან არაფერი მომხდარა. „ქალაქელები“ კი მიხვდნენ, რომ სიარულით მასპინძელთა დაცვას ვერ აჯობებდნენ. აი, მეორე ტაიმის მეორე წუთზე კი სტუმრებს გაუმართლათ. შესვენებიდან მობრუნებული ფულემელები ჯერ კიდევ პოზიციებს იკავებდნენ, რომ ხელით თამაშისთვის დანიშნული საჯარიმო სტოუნზმა გოლად აქცია. მორე ჟეზუსმა გაიტანა. აი, მესამე გოლი კი ერთგვარად საეტაპო გამოდგა: აგუერომ ზუსტად დაარტყა პენალტი და საბოლოო ანგარიში 0:3 დააფიქსირა.

ეს 32 წლის არგენტინელის პირველი გოლი გახლდათ წლევანდელ სეზიონში. სერხიომ ბევრი გამოტოვა ტრავმის მიზეზით. სტატისტიკოსებმა კი დაითვალეს და აღმოჩნდა, რომ მას 2020 წლის იანვრის შემდეგ, ანუ 417 დღის განმავლობაში აღარ გაეტანა.

ინგლისი

პრემიერლიგა. 29-ე ტური. 13 მარტი

ლიდსი - ჩელსი 0:0

ლიდსი. „ელანდ როუდი“

ლიდსი: მელიე, ეილინგი, ალიოსკი, ლიორენტე, სტრეიკი, რობერტსი, დალასი, რაფინია. ჰარისონი (კოშტა 64), ფილიპსი, ბემფორდი (როდრიგო 35, კლიხი 79)

მწვრთნელი: მარსელო ბიელსა

ჩელსი: მენდი, რიუდიგერი, კრისტენსენი, ჩილუელი, ასპილიკუეტა, ჟორჟინიო, კანტე, პულიშიჩი (ჯეიმსი 68), მაუნტი (ჰადსონ-ოდოი 79), ზიეში (ვერნერი 69), ჰავერცი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

მსაჯი: კევინ ფრენდი

გაფრთხილება: რობერტსი (23), ალიოსკი (71), როდრიგო (75)

ფულემი - მანჩესტერ სიტი 0:3

ლონდონი. „ქრევენ კოტეჯი“

0:1 სტოუნზი (47), 0:2 ჟეზუსი (56), 0:3 აგუერო (60 პენ)

ფულემი: არეოლა, ეინა, ადარაბიოიო, ანდერსენი, ტეტე, ლემინა (ონომა 73), რიდი, ზამბო-ანგისა, ლოფტუს-ჩიკი (მიტროვიჩი 63), ლუკმენი, კავალეირუ (რობინსონი 80)

მწვრთნელი: სქოთ პარკერი

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, სტოუნზი, მენდი, კანსელუ, ლაპორტი, დიაში (გარსია 75), ბერნარდუ სილვა (ფერნანდინიო 67), როდრი, ტორესი, ჟეზუსი, აგუერო

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მსაჯი: ანდრე მარინერი

გაფრთხილება არ ყოფილა

ევერტონი - ბარნლი 1:2

0:1 ვუდი (13), 0:2 მაკნილი (24), 1:2 კალვერტ-ლიუინი (32)

კრისტალ პალასი - ვესტ ბრომვიჩი 1:0

1:0 მილივოევიჩი (37 პენ)

0.13339