ჩოგბურთი

20:45 | 13.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

მეოთხე ტიტული კარიერაში: ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ჩემპიონია!

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას მასტერსის ჩემპიონია და კარიერაში მეოთხე ტიტული მოიგო! 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა დოჰაში ფანტასტიკურიი ჩოგბურთი ითამაშა და ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად მოიპოვა!

ნიკამ ფინალში ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი პრაქტიკულად უშანსოდ დაამარცხა. ბასილაშვილი ტურნირს მაგარ ფორმაში რომ შეხვდა წინა მატჩებმა ცხადყო და ფინალშიც გადასარევად გაისარჯა. ნიკამ ორ სეტში 7:6, 6:2 იმარჯვა და მეოთხედ დაეუფლა ATP-ის ტიტულს.

საქართველოს ნომერ პირველ ჩოგანს ესპანელმა წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ სეტში გაუწია, რომელიც 54 წუთი გაგრძელდა და მისი ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა. ორივე ჩოგბურთელმა თავინათი 6-6 ჩაწოდება მოიგეს, მაგრამ ტაიბრეიკზე ქართველი უკეთესი იყო - 7:5. აი, მეორე სეტში ბასილაშვილის უპირატესობა გამოკვეთილი იყო. 3:2-ზე მან ბრეიკი შეასრულა და მოპოვებული უპირატესობა ხელიდან არ გაუშვია, შემდეგ ყველა გეიმი მოიგო და საბოლოოდ ზუსტად საათნახევარში ორ სეტში, 7:6, 6:2 იმარჯვა.

ამრიგად, ბასილაშვილმა კარიერაში პირველად მოიგო 250-იანი ტურნირი, ხოლო მთლიანობაში ეს მისი მეოთხე ტიტულია. მანამდე ქართველმა ჩოგბურთელმა 2018 წელს ჰამბურგისა და ჩინეთის 500-იანი ტურნირები მოიგო, ხოლო 2019 წელს ჰამბურგში ტიტული დაიცვა.

დოჰაში ნიკოლოზმა შესანიშნავი გზა განვლო და ავსტრალიელი ჯონ მილმანი (2:6, 6:4, 6:2), ტუნისელი მალეკ ჯაზირი (6:2, 6:2), თვით ლეგენდა, როჯერ ფედერერი (3:6, 6:1, 7:5), ამერიკელი ტეილორ ფრიტცი (7:6, 6:1) და ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი (7:6, 6:2) დაამარცხა! რა თქმა უნდა, ტიტულის გარდა, ეს ტურნირი ისტორიას იმითაც შემორჩება, რომ ნიკოლოზმა ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი დაამარცხა და ისტორია დაწერა.

აქვე გეტყვით, ბასილაშვილმა კარიერაში მეექვსე ფინალი ითამაშა. 2016 და 2017 წელს, შესაბამისად, კუტცბუელსა და მემფისში დამარცხდა, ხოლო მას შემდეგ მიჯრით ოთხი ფინალი მოიგო - ორჯერ ჰამბურგში (2018, 2019), პეკინსა (2018) და დოჰაში (2021). ცხადია, ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში დაწინაურდება.

რობერტო ბაუტისტა-აგუტი - ნიკოლოზ ბასილაშვილი 0:2 (6:7, 2:6)

0.149964