13-თვიანი პაუზის შემდეგ როჯერ ფედერერი კორტს დაუბრუნდა და დოჰას ტურნირის მერვედფინალში გამარჯვება მოიპოვა. შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა ინგლისელი დანიელ ევანსი 7:6, 3:6, 7:5 დაამარცხა და მეოთხედფინალში ქართველს, ნიკოლოზ ბასილაშვილს შეხვდება.
ევანსთან შეხვედრაში როჯერმა 13 ეისი შეასრულა და ორმაგი შეცდომა არ ჰქონია. საკუთარ ჩაწოდებაზე ფედერერმა 71 გათამაშებიდან 56 მოიგო (79%). მეტოქის მოწოდებაზე კი როჯერს 53 პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ევანსის 4 ბრეიკის შესაძლებლობა ჰქონდა და ფედერერმა სამჯერ გადაარჩინა გეიმი, ხოლო თავად შვეიცარიელმა მთელ შეხვედრაში ოთხიდან ერთხელ შეასრულა ბრეიკი და მატჩის გამარჯვებულიც გახდა.
როჯერ ფედერერის დაბრუნებას ბევრი გულშემატკივარი მსოფლიოს მასშტაბით ელოდა და მატჩს უყურებდნენ. მსოფლიოს ნომერ მეექვსე ნომერმა ბოლოს 405 დღის წინ, 2020 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში ითამაშა, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა.
მატჩის შემდეგ ფედერერი ბედნიერი იყო და აღნიშნა, რომ მის ასაკში კორტზე დაბრუნება გამოწვევაა.
”კარგი გრძნობაა, რომ დავბრუნდი. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვდგავარ, მიუხედავად იმისა, გავიმარჯვე თუ წავაგე, მაგრამ აშკარად გამარჯვებით თავს უკეთ გრძნობ ხოლმე. კარგი მატჩი გამომივიდა. დენმაც კარგი შეხვედრა ჩაატარა. ევანსი ჩემი შესანიშნავი ტრენინგ-პარტნიორიც იყო ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ჩვენ 20-ზე მეტი სეტი ვითამაშეთ და თამაში დღესაც გავაგრძელეთ.
ეს გრძელი და რთული გზა იყო ჩემთვის. თუმცა სიამოვნება მივიღე. ჩოგბურთში კარიერის განახლება გამოწვევაა და ჩემს ასაკში დაბრუნება არ არის ძალიან მარტივი. ჩემს გარშემო მყავდა მშვენიერი გუნდი, რომელიც ყოველთვის მხარში მედგა. ამან ეს ბევრად გაამარტივა და ღირდა, რადგან დღეს კარგი მატჩი ჩავატარე.” - განაცხადა ფედერერმა მატჩის შემდეგ.
მეოთხედფინალში როჯერი ნიკოლოზ ბასილაშვილს შეხვდება, რომელმაც დღეს მალეკ ჯაზირი 6:2, 6:2 დაამარცხა. ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 42-ე ადგილზეა. ნიკოლოზმა პირველ შეხვედრაში ჯონ მილმანს სეტებში 2:1 მოუგო. ქართველი და შვეიცარიელი ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ 2016 წელს შეხვდნენ - ავსტრალიის ღია პირველობის 1/64-ფინალში ფედერერმა ბასილაშვილი 6:2, 6:1, 6:2 დაამარცხა.