ჩოგბურთი

12:20 | 10.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

თიმი როლან გაროსზე ნადალის დამარცხებას აპირებს

აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონმა დომინიკ თიმმა მიზნად საფრანგეთის ღია პირველობაზე გამარჯვება და „თიხნარის მეფის“, რაფაელ ნადალისთვის გვირგვინის ჩამორთმევა დაისახა.

როლან გაროსის წითელი თიხით დაფარულ კორტებზე ნადალს ბადალი არ ჰყავს - ესპანელმა პარიზის სუპერ ტურნირის თასი შარშან მე-13-ედ ასწია და დიდი სლემის ტიტულებით, როჯერ ფედერერს გაუტოლდა. ამ 13 ტრიუმფიდან, ორ შემთხვევაში რაფამ ფინალში სწორედ თიმი დაამარცხა.

„მე საუკეთესო შედეგები სწორედ როლან გაროსზე მქონდა. ამიტომ, ჩემი პირველი დიდი სლემის ტიტულის მოგების შემდეგ, მთავარ მიზნად, სწორედ როლან გაროსზე გამარჯვებას ვისახავ. ამჟამდ ეს ყველაზე მეტად მინდა. ბევრი სხვა მიზანიც მაქვს, მაგრამ საფრანგეთის ღიაზე გამარჯვება განსაკუთრებული რამ არის. ეს ალბათ კარიერის მიზანიცაა. და ამ სეზონშიც ეს ჩემი მთავარი მიზანია“, - ამბობს ავსტრიელი.

ის დასძენს, რომ საფრანგეთის ღიაზე ნადალის დამარცხება ძალიან ძნელი იქნება: „შარშან მგონი 34-ის იყო და თავის კარიერაში საუკეთესო ტურნირი ჩაატარა. ამიტომ, მისი დამარცხება უზარმაზარი გამოწვევაა. ჩვენს სპორტში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ამ ბიჭის როლან გაროსის ცენტრალურ კორტზე დამარცხებაა. სწორედ ამიტომ, სანამ ჯერ კიდევ კორტზეა, ძალიან მინდა მისი დამარცხება“.

თიმს ჩოგბურთის მიღმაც აქვს გატაცება. ის პრემიერ ლიგის გუნდ „ჩელსის“ ფანია და გაწბილებული დარჩა, როდესაც გაიგო, რომ გუნდმა მწვრთნელობიდან ფრენკ ლამპარდი გაუშვა.

„მე ალბათ 50 მაისური მაინც მექნება, რომელსაც მისი სახელი აწერია. ამიტომ ძალიან გამიხარდა, როცა მწვრთნელად დაინიშნა. დიდი და მაგიური კავშირი იყო მასა და გუნდს შორის. ამიტომ ძალიან დამწყდა გული, როცა გავიგე, რომ ის გაუშვეს“, - ამბობს თიმი.

0.114733