ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ „ბარსელონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. არგენტინელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ახლა მისი გუდი უფრო კონცენტრირებული უნდა იყოს, ვიდრე პირველ შეხვედრაში, რომელიც 4:1 მოიგეს.
„ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი ოპტიმიზმია და სხვებისთვის ოპტიმიზმის გადაცემა. ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, სრულად უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, უფრო მეტადაც კი, ვიდრე ბარსელონაში. შევუტევთ და გვინდა ეს მატჩიც მოვიგოთ.
ნეიმარი? ამ მომენტში მას არ შეუძლია თამაში. ეს არ არის გადაწყვეტილება, ეს ფაქტია: მას არ შეუძლია თამაში. ის ბევრს მუშაობდა, რომ მზად ყოფილიყო, არა მხოლოდ ამ მატჩისთვის, მთელი სტაფი ეხმარებოდა. სამწუხაროა, რადგან სი ძალიან მოტივირებული იყო გუნდის დასახმარებლად“, - თქვა პოჩეტინომ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ შინ 1:4 აქვს წაგებული და შესაბამისად პარიზში ძალიან რთული ამოცანის წინაშე დგას. საპასუხო შეხვედრა 10 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.