კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩის წინ პრესკოფერენცია გამართა. ნიდერლანდელი სპეციალისტის განცხადებით, შეუძლებელი არაფერია და მისი გუნდი იბრძოლებს. მან ასევე ჟოან ლაპორტას პრეზიდენტად არჩევის შესახებ ისაუბრა:
„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დავიწყებთ მატჩს და რამდენად ეფექტურები ვიქნებით. საგოლე მომენტების შექმნა არ გვიჭირს, მაგრამ ვერ სათანადოდ ვერ ვიყენებთ. თუ მაქსიმალურად ეფექტურები ვიქნებით შეტევაში, შეუძლებელი არაფერია. ამისთვის საჭიროა, გუნდი საუკეთესო ფორმაში იყოს, მესიმ საუკეთესო თამაში ჩაატაროს, თუმცა არამხოლოდ მან, არამედ მთელმა გუნდმა საუკეთესო მხარე უნდა წარმოაჩინოს.
ლაპორტა? კლუბისთვის ძალიან სასიამოვნოა ჰყავდეს ასეთი პრეზიდენტი, როგორიც ის არის და შეუძლია სიტუაციის გაუმჯობესება. ვიცნობ ლაპორტას, წარსულში რამდენჯერმე შევხვდი. ლაპორტა მწვრთნელებს დიდ ნდობას უცხადებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული“, - თქვა კუმანმა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ შინ 1:4 აქვს წაგებული და შესაბამისად პარიზში ძალიან რთული ამოცანის წინაშე დგას. საპასუხო შეხვედრა 10 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.