ფეხბურთი

23:04 | 7.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" "სიტის" უძლეველობის მითი დაამსხვრია

ოდესღაც ყველაფერი სრულდება და „მანჩესტერ სიტის“ წაუგებელი და გამარჯვებების სერიაც არ გამოდგა გამონაკლისი. პრემიერლიგის 28-ე ტურში პეპ გვარდიოლას გუნდმა შინ მანჩესტერული დერბი უშანსოდ წააგო.

ოლე გუნარ სულშერის შეგირდებმა „ეტიჰად სთედიუმზე“ შესანიშნავად ითამაშეს და დამსახურებულად იმარჯვეს. მეორე წუთზე ანგარიში უკვე გაიხსნა - ბრუნო ფერნანდეშმა პენალტი გაიტანა და „წითელი ეშმაკები“ წინ გავიდნენ. მეორე ტაიმის სტარტზეც სტუმრებმა ისევ იხეირეს, ამჯერად ლუკ შოუმ გამოიჩინა თავი და „მანჩესტერმა“ დერბი დამაჯერებლად, 2:0 ოიგო.

ამრიგად, პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს „სიტი“ ახლა 11-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შანსი ჯერ კიდევ მცირეა, მაგრამ მაინც არსებობს და სეზონის ბოლომდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ 2020 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად წააგო. მას შემდეგ „ქალაქელებს“ 28 წაუგებელი მატჩი ჰქონდათ, ხოლო ბოლო 21 თამაში მიჯრით საერთოდაც მოეგოთ. ახლა ეს სერია უკვე დასრულებულია და წარსულია. ოლე გუნარ სულშერმა კი პეპ გვარდიოლას დუელი მეოთხედ მოუგო და ერთადერთი მწვრთნელია, რომელიც ესპანელს მინიმუმ სამჯერ მაინც შეხვდა და მასთან დადებითი ბალანსი გააჩნია! აღსანიშნავია, რომ ნორვეგიელი „იუნაიტედის“ ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც საწყისი სამი გასვლითი მატჩესტერული დერბი მოიგო.

„მანჩესტერ სიტი“ – „მანჩესტერ იუნაიტედი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ბრუნო ფერნანდეში (2, პენ), 0:2 შოუ (50)

0.211126