ესპანეთის ლა ლიგის 26-ე ტურის ცენტრალური შეხვედრაში მადრიდული დერბი შედგა. „ატლეტიკო“ „რეალს“ უმასპინძლა და საჩემპიონო ბროლაში ამ თამაშის შედეგზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული.
დიეგო სიმეონეს გუნდს იდეალური შანსი ჰქონდა უპირატესობა გაემყარებინა, ხოლო ზინედინ ზიდანის გუნდისთვის საპირისპირო ამოცანა იდგა.
თამაში „ატლეტიკოს“ კარნახით დაიწყო დამე-15 წუთზე ლუის სუარესმა ანგარიშის გახსნაც შეძლო. ცხადია, ამის შემდეგ სიმეონეს გუნდი დაცვაში გამაგრდა და კონტრშეტევებზეც მიდიოდა, რის შედეგადაც რამდენიმე საგოლე შანსი შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა.
„რეალი“ მეტოქის კარს პირველად 79-ე წუთზე დაემუქრა, მაგრამ კარიმ ბენზემას იან ობლაკმა ზედიზედ ორჯერ აჯობა. 10 წუთში კი მათი მორიგი დუელი ფორვარდის გამარჯვებით დასრულდა. თუმცა, ფრანგის გოლი დიდწილად კაზემიროს დამსახურებაა, რომელმაც კარიმი ცარიელი კარის წინ დატოვა და მისთვის გატანა უმარტივესი იყო.
შედეგად 1:1, რითაც ალბათ, ყველაზე მეტად კმაყოფილი „ბარსელონა“ დარჩებოდა. „ატლეტიკო“ კატალონელებს 3, ხოლო თანაქალაქელებს 5 ქულით უსწრებს. „როხიბლანკოს“ შანსს ისიც ზრდის, რომ ორივე კონკურენტზე თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
„ატლეტიკო“ – „რეალი“ 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 სუარესი (15), 1:1 ბენზემა (88)