ფეხბურთი

16:44 | 7.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლობჟანიძე შეუჩერებელია: საბას მერვე საგოლე პასი თურქეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

საბა ლობჟანიძე შესანიშნავ ფორმაშია! თურქეთის სუპერლიგის 29-ე ტურში „ანკარაგიუჯუმ“ „კარაგუმრუკი“ სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

გამარჯვების გოლი 55-ე წუთზე ალფერ პოტუკმა ახლო მანძილიდან გაიტანა და ეს ლობჟანიძის დამსახურებაა, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან შესანიშნავად ითამაშა და თანაგუნდელს ისეთი პასი გაუკეთა, მას მხოლოდ გატანა მართებდა. საბამ ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო "კარაგუმრუკში" ვატო არველაძე განაცხადში არ იყო.

26 წლის ქართველს ძალიან კარგი სეზონი აქვს: სუპერლიგაში 27 თამაში, 3 გოლი და 8 საგოლე პასი! სხვათა შორის, საგოლე პასებით ლობჟანიძე "სივასპორის" ფეხბურთელ მაქს გრადელთან ერთად საუკეთესოა (მასაც 8 პასი აქვს). ვთქვათ ისიც, რომ ბოლო ერთ კვირაში ანკარელებმა 3 თამაში ჩაატარეს და 4 გოლი გაიტანეს, აქედან 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა ქართველის აქტივშია.

„ანკარაგიუჯუმ“ „გალათასარაის“ ძლევის შემდეგ ზედიზედ მეორედ მოიგო, 26 ქულა დააგროვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია.

0.127705