იტალიის სერია A-ს XXVI ტურში მოქმედი ჩემპიონი „იუვეტუსი“ რომის „ლაციოს“ დაუხვდა. ტურინულ გუნდს ზედიზედ მეათე სკუდეტოს მოგება თუ უნდა, შეცდომა აღარ უნდა დაუშვას. ანდრეა პირლოს გუნდს საკადრო პრობლემები აქვს და ამიტომაც, შემადგენლობაში რამდენიმე საინტერესო გადაადგილება მოახდინა.
მაგალითად, კრიშტიანუ რონალდუ დაღლილი იყო და ჩემპიონთა ლიგის წინ თადარიგში დატოვა, ალექს სანდრო ცენტრალურ მცველად, ფედერიკო ბერნარდესკი მარცხენა მცველად და დანილო ცენტრალურ ნახევარმცველად ათამაშა, რაც ბუნებრივი მოვლენა არ არის. მეორეს მხრივ, „იუვეს“ რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშეც დაუბრუნდა: ხუან კუადრადო, არტური, ლეონარდო ბონუჩი და ეს „პორტუსთან“ უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ ტურინელთათვის გადასარევი სიახლეა.
„იუვენტუსმა“ „ლაციოსთან“ ცუდად დაიწყო და უკვე მე-14 წუთზე ხოაკინ კორეას გოლით აგებდა. დეიან კულუშევსკიმ არგენტინელს ბურთი ჩააბარა და მანაც საჩუქარი შეირგო. საინტერესო სტატისტიკაა, რომ ტურინელებმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში საწყის 15 წუთში მეხუთე გოლი გაუშვეს, შარშან მთელ სეზონში იმავე მონაკვეთში 2 გოლი მიიღეს. თუმცა, სწრაფი გოლის გაშვების მიუხედავად, ანდრეა პირლოს გუნდმა რეაგირება მოახდინა. ტაიმის ბოლოს ადრიენ რაბიომ ფანტასტიკური გოლით გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისი ალვარო მორატას ბენეფისი იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა. ესპანელსაც კარგი სეზონი აქვს - 16 გოლი და 11 საგოლე პასი!
„იუვემ“ 52 ქულა დააგროვა და ჯერ მესამე ადგილზეა, მაგრამ სკუდეტოსთვის ბრძოლა ჯერ ნამდვილად არ დაუსრულებია. თუმცა, მანამდე „ბიანკონერის“ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი სხვა საზრუნავი აქვთ: სამ დღეში „პორტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალია, რომელთანაც პორტუგალიაში 1:2 წააგო. ვნახოთ, ჩააბარებს თუ არა ანდრეა პირლოს გუნდი სეზონის პირველ მთავარ გამოცდას.
„იუვენტუსი“ – „ლაციო“ 3:1 (1:1)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კუადრადო (არტური 70), დემირალი, ალექს სანდრო, ბერნარდესკი; რემზი (მაკკენი 70), დანილო, რაბიო, კიეზა (ბონუჩი 82); კულუშევსკი (დი პარდო 90), მორატა (რონალდუ 70)
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
„ლაციო“ (3-5-2): რეინა; მარუშიჩი (პერეირა 82), ჰუდტი, აჩერბი; ლულიჩი (პატრიკი 55), მილინკოვიჩ-სავიჩი, ლუკას ლეივა (ესკალანტე 55), ლუის ალბერტო (კაისედო 82), ფარესი; იმობილე (მურიქი 82), კორეა
მწვრთნელი: სიმონე ინძაგი
გოლები: 0:1 კორეა (14), 1:1 რაბიო (39), 2:1 მორატა (57), 3:1 მორატა (60, პენ)
გაფრთხილება: აჩერბი (80)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 13 (5) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: დავიდე მასა
„სპეცია“ – „ბენევენტო“ 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 გაიჩი (24), 1:1 ვერდე (71)
„უდინეზე“ – „სასუოლო“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ლორენტე (42), 2:0 პერეირა (90)