საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტური დასრულდა. დასკვნითი ორი მატჩი თბილისსა და ზესტაფონში გაიმართა.
„დინამო არენაზე“ „ლოკომოტივმა“ „თელავს“ უმასპინძლა და ძალზე დაძაბულ, თვალსასეირო შეხვედრაში 3:2 სძლია. პირველმა ტაიმმა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის უპირატესობით ჩაიარა და „ლოკომ“ შესვენებამდე სოლიდური უპირატესობა მოიპოვა.
ანგარიში პენალტით ირაკლი სიხარულიძემ გახსნა, რასაც ტაიმის მიწურულს ნიკა სანდოხაძის გოლი მოჰყვა და თბილისელებმა გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. თუმცა, მეორე ნახევარში „თელავმა“ ბოლომდე იბრძოლა და ქულის მოპოვება შეეძლო. რევაზ გოცირიძის გუნდმა სხვაობა დავთ უბილავას ავტოგოლით შეამცირა. მასპინძლებმა ორბურთიანი სტატუსქვო მალე აღადგინეს. სტუმართა მცველი პაბლო მალდინი უხეშად შეცდა და მამია გავაშელიშვილმა საჩუქარი შეირგო. სამ წუთში ლაშა შერგელაშვილმა საჯარიმო დარტყმა ფანტასტიკურად შეასრულა და - 3:2.
აღსანიშნავია, რომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში პირველად ითამაშა გურამ კაშიამ, რომელიც მოედანზე 90 წუთის განმავლობაში იყო. „ლოკომოტივმა“ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა, ასევე 3 ქულა აქვს „თელავს“.
დღესვე, წყალტუბოს „სამგურალმა“ თბილისის „საბურთალოს“ ზესტაფონში უმასპინძლა და გუნდები უქულოდ დაშორდნენ. უჩა სოსიაშვილის გუნდმა სეზონის სტარტზე „დინამოსთან“ და „საბურთალოს“ ქულები მოიპოვა, რაც ურიგო შედეგი სულაც არ არის. „საბურთალო“ კი 4 ქულით „დინამო თბილისთან“ და „დინამო ბათუმთან“ ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს.
„ლოკომოტივი“ – „თელავი“ 3:2 (2:0)
გოლები: 1:0 სიხარულიძე (19, პენ), 2:0 სანდოხაძე (35), 2:1 უბილავა (69, ა.გ), 3:1 გავაშელიშვილი (74), 3:2 შერგელაშვილი (77)
„სამგურალი“ – „საბურთალო“ 0:0 (0:0)