საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელია. ინფორმაცია დედაქალაქურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. ქართველმა მცველმა თბილისურ გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის ღირსებას 4-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
"ლოკომოტივში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გავიარე; ვიყავი ესპანურ შეკრებაზე. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კლუბს ოფიციალურად შევუერთდე. ახლა, გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ და მისი ნაწილი. იმედი მაქვს, წარმატების მიღწევაში ჩემს წვლილს შევიტან", - თქვა კაშიამ.
შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია ბოლოს ამერიკულ "სან ხოსეში" თამაშობდა, რომელიც დეკემბერში დატოვა და მას შემდგომ უკლუბოდ იყო. წინა სასეზონო მატჩებისთვის მზადების პროცესი კი სწორედ "ლოკომოტივთან" ერთად ესპანურ შეკრებაზე გაიარა. აქვე გეტყვით, რომ 33 წლის ფეხბურთელს არნემის "ვიტესსა" და "დინამო თბილისის" რიგებშიც უთამაშია. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი 81 მარჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.