საბერძნეთის თასის მეოთხედფინალში პაოკ-ის ნახევარმცველმა ნიკა ნინუამ გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა ბაჩანა არაბულისა და გუგა ფალავანდიშვილის „ლამიას“ დამწუხრება შეძლო.
ამ გუნდების პირველი მატჩი სალონიკელებს შინ 5:2 ჰქონდათ მოგებული და ბუნებრივია, ორმატჩიან რაუნდში ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ნინუა პაოკ-ის ძირითადში იყო და 68-ე წუთამდე ითამაშა. მანამდე მან თავის გამოჩენა მოასწრო. ნიკამ მე-14 წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან ერთი შეხებით გაიტანა, მას საგოლე პასი იაპონელმა ფეხბურთელმა შინჯი კაგავამ გაუკეთა.
მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და პაოკ-მა ორი მატჩის ჯამში 6:3 იმარჯვა, შედეგად მომდევნო ეტაპზე გავიდა. „ლამიას“ რიგებში გუგა ფალავანდიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ბაჩანა არაბული განაცხადში არ იყო. რაც შეეხება ნინუას, მას პაოკ-ის მაისურით 10 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.