ფეხბურთი

21:55 | 28.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"თელავმა" და "დილამ" სეზონი გამარჯვებით დაიწყეს

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი ტურის ორი მატჩი დღეს გაიმართა და სულ ორი გოლი გავიდა, ორივე მასპინძლებმა გაიტანეს.

„თელავმა“ საკუთარ მოედანზე „სამტრედიას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 აჯობა. მატჩის ბედი, პირველი ტაიმის ბოლოს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შოთა შეყილაძის გოლმა გადაწყვიტა და კახელებმა სეზონი გამარჯვებით დაიწყეს, იმერლებმა - წარუმატებლად. რევაზ გოცირიძის გუნდი მომდევნო შეხვედრას „ლოკომოტივთან“ ჩაატარებს, „სამტრედია“ „დილას“ დაუხვდება.

გორში, „დილამ“ ქობულეთის „შუქურა“ მიიღო და მანაც 1:0 იმარჯვა. ანდრე დემჩენკოს გუნდმა თამაშის დასაწყისშივე, მე-14 წუთზე გაიტანა და შემდეგ ანგარიში შეინარჩუნა. თავი კი თორნიკე კაპანაძემ გამოიჩინა, რომელმაც „დილას“ მაისურით პირველი ოფიციალური თამაში ჩაატარა. გორის „დილა“ მომდევნო ტურში „სამტრედიას“ ესტუმრება, ხოლო „შუქურა“ „დინამო ბათუმს“.

აქვე გეტყვით, რომ პირველი ტური ხვალ, ცენტრალური მატჩით დასრულდება, რომელშიც „საბურთალო“ და „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდებიან.

„თელავი“ – „სამტრედია“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 შეყილაძე (45)

„დილა“ – „შუქურა“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 კაპანაძე (14)

0.127264