ფეხბურთი

2:34 | 28.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

და გრიზმანი?

„ბარსელონამ“ დამაჯერებლად მოუგო „სევილიას.“ კუმანმა მიმდინარე სეზონში მესამე ცდაზე დაამარცხა ლოპეტეგი. სევილიელები კი ამჯერად საკუთარ აჩრდილს ჰგავდნენ. კუმანმა სამმცველიანი ტაქტიკა არჩია და შესვენებამდე მასპინძლებს ტერ შტეგენის კართან მომენტი არ შეუქმნიათ. კარისკენაც კი არ დაურტყამთ.

კატალონეილები ჩინებულად მოქმედებდნენ უბურთოდ - მკაცრ პრესინგს მიმართავდნენ, იგებდნენ ორთაბრძოლებს, განსაკუთრებით ცენტრში ყოჩაღობდნენ. ნახევარი საათის თავზე ლოგიკური გოლიც გაიტანეს. მესის პასით დემბელემ შეაგდო.

შესვენებაზე ლოპეტეგიმ სამი ცვლილება განახორციელა და 3-5-2 სისტემაზე გადაეწყო. მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა. ახლა ანდალუსიელები მეტოქის მოედანზე მეტ დროს ატარებდნენ, მაგრამ შეტევით ისევ ბარსელონელები სჯობდნენ. დესტმა ახლოდან ძელს მოარტყა ბურთი, მესიმ ოდნავ ააცილა, ლანგლემ თამაშგარედან გაიტანა.

მე-80 წუთზე ბურთი „ბარსელონას“ კარში შევარდა, მაგრამ ენ-ნესირიმ მანამდე ხელით ითამაშა, ეს არც არბიტრის თვალს და არც ვარ-ს გამორჩენია.

„ბარსელონას“ თავისი გასაჭირი ჰქონდა, ტრავმების გამო პედრი და არაუხო შესაცვლელები შეიქმნენ. თუმცა, ამას სტუმართა თამაშზე არ უმოქმედია.

86-ე წუთზე კი მესიმ დასვა წერტილი. ეს გოლი მე-19 აღმონდა ამ სეზონში არგენტინელისთვის და ის უკვე დამაჯერებლად ლიდერობს პრიმერას ბომბარდირთა დავას.

ამ გამარჯვების შემდეგ, „ბარსელონამ“ 53 ქულა მოაგროვა, ერთი პუნქტით გაუსწრო „რეალს“ და მეორე საფეხურზე დადგა, თუმცა მადრიდელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ და ორშაბათს „სოსიედადს“ უმასპინძლებენ.

და გრიზმანი? რატომ არ იყო ფრანგი მინდორზე?

მატჩის შემდეგ კუმანმა თქვა: „ეს არ ყოფილა მის მიმართ რაიმე გზავნილი. სქემა შევცვალეთ და წინ დემბელე დავაყენეთ. როცა 1:0 გახდა, გადავწყვიტეთ, რომ მესის ვინმე უფრო სწრაფი უნდა შეწყვილებოდა ვიდრე გრიზმანია. ასე რომ, არავითარ დასჯაზე საუბარი არ არის.“ - ციტირებს კუმანს Marca.

ესპანეთი

პრიმერა. 25-ე ტური. 27 თებერვალი

სევილია - ბარსელონა 0:2

სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი.“

0:1 დემბელე (29), 0:2 მესი (85)

სევილია: ბუნუ, ესკუდერო, კარლოსი (რეკიკი 46), კუნდე, ნავასი, ფერნანდო, ხორდანი, მუნირი (ენ-ნესირი 46), რაკიტიჩი (როდრიგესი 63), გომესი (სუსო 46), ლუკ დე იონგი (ტორესი 63)

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ლანგლე, პიკე (არაუხო 67, უმტიტი 82), მინგესა, ბუსკეტსი, ალბა, დესტი, პედრი (მორიბა 71), ფრენკი დე იონგი, დემბელე (ბრაიტვეიტი 82), მესი

მწვრთნელი: რონალდ კუმანი

მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

გაფრთხილება: ფერნანდო (31), კარლოსი (38), ესკუდერო (45), რეკიკი (46), ხორდანი (88); მესი (42), დემბელე (82)

ეიბარი - უესკა 1:1

0:1 რამირესი (81), 1:1 დიოპი (83)

ალავესი - ოსასუნა 0:1

0:1 ბარხა (77)

ხეტაფე - ვალენსია 3:0

1:0 არამბარი (29), 2:0 მატა (55), 3:0 ალენია (87)

გაძევება: დიაკაბი (51) - ვალენსია

0.119316