ევროლიგის 25-ე ტურში მოსკოვის ცსკა პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრა და თითქმის ერთთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ თორნიკე შენგელია პარკეტზე დაბრუნდა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა ტრავმა მოირჩინა და ბერძნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშა.
თორნიკემ 21:33 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 2 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია. შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 7-ს გაუტოლდა.
რაც შეეხება მატჩს, ცსკა-მ უმძიმეს ბრძოლაში 75:74 მოიგო. არადა, რუსული გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 18 ქულით იგებდა და საშიშროებაც არსაიდან ჩანდა, მაგრამ მესამე და მეოთხე პერიოდი მოსკოველებმა ჩააგდეს და ლამის წააგეს. თუმცა, საბოლოოდ, გამარჯვება მაინც მოახერხეს.
მოსკოვის ცსკა-ს ევროლიგაში 25 ტურის თავზე 17 მოგების საპირისპიროდ 8 წაგება აქვს და მეორე ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 2 მარტს, თელ ავივის „მაკაბისთან“ სტუმრად გამართავს.