ფეხბურთი

2:18 | 24.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოლივიე ჟირუს შედევრი და "ბაიერნის" მასტერკლასი

ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა და ერთგან ყველაფერი გაირკვა, მეორე წყვილში - თითქმის. მიუნხენის „ბაიერნს“ უკვე შეგვიძლია მეოთხედფინალისტი ვუწოდოთ, ხოლო ლონდონის „ჩელსი“ ამასთან ძალიან ახლოსაა.

ჰანსი ფლიკის „ბაიერნი“ რომში „ლაციოს“ საკადრო პრობლემებით და ბუნდესლიგაში ჩავარდნით ესტუმრა და ბევრი ალბათ იფიქრებდა, რომ იტალიელებს შანსი ექნებოდათ, მაგრამ ასე არ ყოფილა. „რეკორდმაისტერმა“ მეტოქეს გადაურბინა და მიუნხენურ თამაშს აზრი აბსოლუტურად დაუკარგა.

რობერ ლევანდოვსკის, ჯამალ მუსიალასა და ლეროი სანეს გოლებით პირველივე ტაიმში გადაწყდა არათუ ამ თამაშის, არამედ ორმატჩიანი რაუნდის ბედი. მეორე ნახევარის საწყის 4 წუთში კი გუნდებმა გოლები გაცვალეს. ჯერ ფრანჩესკო აჩერბიმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, მერე კორეამ პრესტიჟის გოლით ანგარიში დაასველა, მაგრამ ეს ცხადია, არანაირი ნუგეში არ იყო. რობერტ ლევანდოვსკიმ რაულს გადაასწრო და ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 72 გოლი აქვს, ხოლო საკადრო პრობლემების გამო ძირითადში მოხვედრილმა ჯამალ მუსაილამ რეკორდი დაამყარა - ის ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელი და ამასთან „ბაიერნის“ ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა - 17 წლისა და 363 დღის. „ბაიერნს“ რომ მოენდომებინა, „ლაციოს“ კიდევ არაერთ გოლს გაუტანდა, მაგრამ მისთვის არადამახასიათებელი დიპლომატიურობა გამოიჩინა და თავი აღარ მოუკლია. მეორეს მხრივ, „ლაციოს“ არაფრის შანსი ჰქონდა შეტევაში ვერაფერს აკეთებდა. ამრიგად, 4:1 „სტადიო ოლიმპიკოზე“ „ბაიერნმა“ ყველაფერს წერტილი პირველივე თამაშში დაუსვა. ალბათ, ვერ მოძებნით ადამიანს, რომელიც „ლაციოს“ ჩემპიონთა ლიგიდან უკვე გავარდნილად არ მიიჩნევს. ცნობისთვის, „ბაიერნს“ 2017 წლიდან ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად 17-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც ტურნირის რეკორდია და „მანჩესტერის“ შედეგი გააუმჯობესა (16 მატჩი 2007-2010 წლებში).

მთლად ასე გადაწყვეტილი არ არის „ატლეტიკოსა“ და „ჩელსის“ წყვილის ბედი, მაგრამ ტომას ტუხელის გუნდმა დიდი განაცხადი გააკეთა. ზოგადად, გერმანელის მისვლა ძალიან წაადგა ლონდონურ გუნდს და შესანიშნავ ფორმაშია, ხოლო „ატლეტიკო“ ბოლო დროს დასუსტდა და ვეღარ არის ისეთი სტაბილური, როგორც სეზონის პირველ ნაწილში. ეს ამ მატჩმაც დაადასტურა, რომელშიც ინგლისელები უკეთესები იყვნენ და დამსახურებულად იმარჯვეს.

მატჩის ბედი კი 68-ე წუთზე ოლივიე ჟირულს შედევრმა გადაწყვიტა. ფრანგმა ფორვარდმა აკრობატულ ნახტომში გაიტანა და პირველი რაუნდი „ჩელსის“ მოაგებინა, თანაც სტუმრად. უფრო სწორად მატჩი ნეიტრალურ სტადიონზე, ბუქარესტში გაიმართა, მაგრამ ოფიციალურად „ატლეტიკო“ მასპინძელი იყო და ამდენად, შინ წააგო, რითაც ძალიან გაიუარეს მდგომარეობა. ჟირუმ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მე-6 გოლი გაიტანა და დიდიე დროგბას შემდეგ „ჩელსის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ლიგის ერთ სეზონში ამ რაოდენობის გოლები გაიტანა. კოტ დივუარელმა ეს „ჩელსისთვის“ ტრიუმფალურ სეზონში შეძლო (2011-2012).

„ბაიერნი“ – „ლაციო“ და „ჩელსი“ – „ატლეტიკო“ 17 მარტს გაიმართება და სწორედ ამ მატჩებით დაიხურება მიმდინარე სეზონის მერვედფინალური ეტაპი.

„ატლეტიკო“ – „ჩელსი“ 0:1 (0:0)

ბუქარესტი, „ეროვნული სტადიონი“

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ლორენტე, სავიჩი, ფელიპე, ჰერმოსო (ვიტოლო 84); კორეა (დემბელე 82), კოკე, საულ ნიგესი (ლოდი 82), ლემარი; სუარესი, ჟოაო ფელიქსი (ტორეირა 82)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

„ჩელსი“ (3-4-2-1): მენდი; ასპილიკუეტა, კრისტენსენი, რუდიგერი; ჰადსონ-ოდოი (ჯეიმსი 80), ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (კანტე 74), ალონსო; მაუნთი (ზიეჩი 74), ვერნერი (პულიშიჩი 87); ჟირუ (ჰავერტცი 87)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლი: 0:1 ჟირუ (68)

გაფრთხილება: ლორენტე (63), ლემარი (90) - მაუნთი (1), ჟორჟინიო (64)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 3 (0) – 8 (5) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

„ლაციო“ – „ბაიერნი“ 1:4 (0:3)

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

„ლაციო“ (3-5-2): რეინა; პატრიკი (ჰუდტი 53), აჩერბი, მუსაკიო (ლულიჩი 31); ლაძარი, მილინკოვიჩ-სავიჩი (კატალდი 81), ლუკას ლეივა (ესკალანტე 53), ლუის ალბერტო (აკპა-აკპრო 81), მარუშიჩი; კორეა, იმობილე

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; ზულე, ბოატენგი, ალაბა, დევისი; კიმიხი, გორეცკა (ხავი მარტინესი 63); სანე (სარი 90), მუსიალა (ჩუპო-მოტინგი 900, კომანი (ერნანდესი 75); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ფლიკი

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (9), 0:2 მუსიალა (24), 0:3 სანე (42), 0:4 აჩერბი (47, ა.გ), 1:4 კორეა (49)

გაფრთხილება: ლუის ალბერტო (28), ლუკას ლეივა (51), კორეა (57), მარუშიჩი (65), ესკალანტე(69) - კიმიხი (72), კომანი (75)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 10 (7) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: ორელ გრინფილდი (ისრაელი)

0.126595